"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ პარლამენტის რეგლამენტი უფრო ღრმა ცვლილებებს საჭიროებს, ვიდრე უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ ცვლილებების პროექტშია წარმოდგენილი:
"რეგლამენტს სჭირდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, განსაკუთრებით საპარლამენტო კონტროლის და სტრუქტურული თვალსაზრისით, შემოთავაზებული პროექტი შედარებით მოკრძალებულია, ვიდრე ამის შესაძლებლობა და საჭიროება არსებობს, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციების სწორედ ამ პროცესის გაღრმავებისკენ იქნება მიმართული, იმისთვის რომ გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი," - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
ვახუშტი მენაბდე ასევე ეთანხმება იმ პრინციპს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან
"ვეთანხმებით იმ პრინციპს რომლის მიხედვითაც ფრაქციის შექმნის უფლება მხოლოდ და მხოლოდ უნდა გააჩნდეთ ერთი პარტიის წევრებს," - აღნიშნა მენაბდემ.
შეგახსენებთ, უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში 1 ივნისს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი წარადგინეს. პროექტით გათვალისწინებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, მათ შორის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან.
პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობის ფრაქციას გამოსვლის დრო ეზრდება, პატარა ფრაქციებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი უმცირდებათ.
საპროკურორო საბჭოს წევრს ოპოზიცია მისი კვოტის შესავსებად დამოუკიდებლად, უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ დაამტკიცებს.
არასამთავრობო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ პროექტით გათვალისწინებული სიახლეებით, ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება.