19 აპრილი 2024,   03:36
ვრცლად
 "ე.წ. ცარიელი შპრიცების საქმეები მთლიანად დაინგრა" - გიორგი მახარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

სასამართლოს ხელახლა მოუწევს გადახედოს იმ მოქალაქეების საქმეებს, რომლებსაც ნარკოდანაშაულს ედავებიან. ეს ეხება მხოლოდ მათ, ვისზეც ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ თუ პირს დაკავების დროს მოხმარებისთვის არასაკმარისი ან უვარგისი რაოდენობის ნარკოტიკი აღმოაჩნდა, პატიმრობა აღარ შეეფარდება.

საქმეების ისევ განხილვის ეტაპზე დაბრუნება შეეძლებათ პირობითი მსჯავრის მქონე და პატიმრობაში მყოფ პირებსაც. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, აუცილებელია, რომ დადგინდეს ზუსტად რა ოდენობაა არასაკმარისი, ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების შემთხვევაში ინდივიდუალურად.

თემასთან დაკავშირებით განმარტება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტმა გიორგი გოცირიძემ გააკეთა. 

"ნარკოტიკის სრულად, 100%-ით მოხმარება არის შეუძლებელი. ჭურჭელში, საიდანაც ეს ნარკოტიკული საშუალება შეიძლება იყოს აღებული და თავად შპრიცში რჩებოდა ძალიან მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალება. თუკი პოლიციელი კონკრეტულ ადამიანს უპოვიდა შპრიცს და ჭურჭელს, სადაც იყო მცირე ოდენობით დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება, ასეთ ადამიანს ემუქრებოდა თავისუფლების აღკვეთა 5-დან 8 წლამდე,"- განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

იურისტი გიორგი მახარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რევოლუციურს უწოდებს.

"გუშინდელი გადაწყვეტილება იყო, პრინციპში, რევოლუციური. სასამართლო გასცდა ამ გასაჩივრებული ოდენობის ფარგლებს და თქვა, რომ ყველა ნივთიერება, რომელიც უვარგისია მოხმარებისთვის, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, თუ გვექნება ექსპერტიზის დასკვნა, რომ ეს ნივთიერება მოხმარებისთვის უვარგისია, ამის გამო არ შეიძლება ეს ადამიანი დაისაჯოს თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე. ეს შინაარსი ცნო არაკონსტიტუციურად. ე.წ. ცარიელი შპრიცების საქმეები, პრინციპში, მთლიანად დაინგრა,"- განაცხადა გიორგი მახარაძემ.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ მიიღო. 

დღის ამბები