20 აპრილი 2024,   13:36
ვრცლად
ივანიშვილს არ უნდა მივცეთ მაჟორიტარებით ძალაუფლების მოპარვის საშუალება - გიგი უგულავა

მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების პროცესი გრძელდება. გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, თუმცა პრინციპულ საკითხებში შეთანხმების მიღწევის იმედი აქვთ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა კონკრეტული კანდიდატების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა ღიად აცხადებს, რომ თბილისის მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს. 

"არავისთვის დასამალი არ არის, რომ აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება ბევრ საკითხზე არსებობდეს, მაგრამ ის, რომ ივანიშვილს არ უნდა მივცეთ მაჟორიტარებით ძალაუფლების მოპარვის საშუალება, ეს ორჯერ ორი ოთხია. ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ, ყველა ოპოზიციური პარტია, მზად ვართ ჩვენი საზოგადოების წადილი და დაკვეთა შევასრულოთ. ჯერჯერობით, რაოდენობაზე ლაპარაკი არარელევანტურია ჩემი მხრიდან. ერთი რამე შემიძლია ვთქვა - მე თბილისის მაჟორიტარებში არ ვიქნები და დანარჩენი კონსულტაციით გადაწყდება,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი კანდიდატურაც განიხილება, თუმცა საბოლოო პოზიცია კონსულტაციების შემდეგ შეჯამდება.

"რა თქმა უნდა, ჩემი კანდიდატურაც განიხილება, პირდაპირ გეტყვით. თუმცა, ჩემთვის მთავარია ერთიანობა, ერთიანი ძალისხმევით შეტევა. მაჟორიტარული ოლქი, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, დიდი შრომაა, აქედან გამომდინარე, როგორც საერთო საქმეს სჭირდება, ისე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. დავსხდებით ახლა და კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ. ვფიქრობ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალიან კარგი პოზიცია ჩამოაყალიბა, კარგი შესაძლებლობა შექმნა შეთანხმებისთვის, ამიტომ არ მგონია გაგვიჭირდეს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ მაჟორიტარად საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს. 

"მთავარია, გამოჩნდა სურვილი იმისა, რომ შეთანხმება შედგეს, კოორდინირება შედგეს. დიდი ალბათობით, მე არ დავდგები მაჟორიტარად, იმიტომ, რომ მთელს საქართველოში მაქვს კამპანია ჩასატარებელი და უნდა ვუხელმძღვანელო ამ კამპანიას, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც ჩვენ შევთავაზებთ ოპოზიციას კანდიდატურას, იქ იქნება ძალიან ღირსეული ადამიანი. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, ვისაც არ დავუჭერთ მხარს," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები