19 აპრილი 2024,   21:39
ვრცლად
ოპოზიციური სპექტრის უფლებების ხარჯზე რაიმე ტიპის ცვლილებების განხორციელება არ ხდება - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. სხდომას ესწრებოდა მხოლოდ უმრავლესობა. ცვლილებებზე ახლა საპროცედურო საკითხთა კომიტეტში უნდა იმსჯელონ.

ცვლილებების მიხედვით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან. ასევე ფრაქციის ფორმირება დამოუკიდებელ მაჟორიტარებსა და პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებსაც ეკრძალებათ. ვიცესპიკერების რაოდენობა შემცირდება 9-დან 3-მდე. პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობის ფრაქციას გამოსვლის დრო ეზრდება, პატარა ფრაქციებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი უმცირდებათ. რეგლამენტის ცვლილების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს წევრს ოპოზიცია მისი კვოტის შესავსებად უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ დაამტკიცებს.

ცვლილებებს აკრიტიკებს როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორის ნაწილიც. ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ დამოუკიდებელ დეპუტატებსაც:

"პირველი შეხედვით, ეს რეგლამენტი აჩენს ძალიან სერიოზულ კითხვებს. მნიშვნელოვნად შეიძლება შეიზღუდოს დამოუკიდებელ დეპუტატთა უფლებამოსილება,"- აცხადებს ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

როგორ დაეხმარება ეს ცვლილებები საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებას, დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს ინიციატივის ავტორებმა.

"არც ერთ შემთხვევაში არ ხდება ოპოზიციური სპექტრის უფლებების ხარჯზე რაიმე ტიპის ცვლილებების განხორციელება რეგლამენტში. მეტსაც გეტყვით, გამოსვლების თვალსაზრისით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობას და უმრავლესობის ფრაქციებს გაცილებით მეტი დრო აქვთ, ვიდრე ამ პროექტის განხორცილების შემდგომ", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები