18 აპრილი 2024,   22:07
ვრცლად
ვიცესპიკერების შემცირებული რაოდენობა და შეზღუდვები ფრაქციების შესაქმნელად - როგორ იცვლება პარლამენტის რეგლამენტში დეპუტატების გადანაწილება 

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან. ფრაქციის ფორმირებას ვერც დამოუკიდებელი მაჟორიტარები და პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები შეძლებენ. ვიცესპიკერების რაოდენობა 9-დან 3-მდე შემცირდება, მათ შორის აფხაზეთისა და აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების კვოტების გაუქმების ხარჯზე.

პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობის ფრაქციას გამოსვლის დრო ეზრდება, პატარა ფრაქციებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი უმცირდებათ. თავმჯდომარეს ფრაქციის ყოველ 15 წევრზე ერთი მოადგილის ყოლა შეეძლება, რაც უმრავლესობაში თანამდებობის პირების რაოდენობას გაზრდის.

საპროკურორო საბჭოს წევრს ოპოზიცია მისი კვოტის შესავსებად დამოუკიდებლად, უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ დაამტკიცებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში კანდიდატურას პარლამენტის უფრაქციო წევრები ვეღარ წარადგენენ.

შეძლებს თუ არა მე-10 მოწვევის პარლამენტში სხვადასხვა პარტია ერთ ფრაქციაში გაერთიანებას - ეს საკითხი ისევ ღიად რჩება და კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდება. რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე დღეს პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.

სხდომებს ოპოზიციის წევრები არ დასწრებიან. ერთადერთი, რომელმაც განხილვებში მონაწილეობა მიიღო, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი იყო.

მეათე მოწვევის პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატებისთვის საერთო ფრაქციის შექმნის შეზღუდვის გარდა, ცვლილებების არსებული ვერსიით ფრაქციის ფორმირება დამოუკიდებელ მაჟორიტარებსა და პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებსაც ეკრძალებათ.

მცირდება ვიცესპიკერების რაოდენობა და 9-ის ნაცვლად 3 იქნება. მცირდება კომიტეტების რაოდენობაც და 15-ის ნაცვლად 13 იქნება.

ოპოზიციის მსგავსად, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც შიშობს, რომ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით ხელისუფლების ოპონენტების უფლებრივი მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს, თუმცა მესამე სექტორის ნაწილისთვის ფრაქციების შექმნის შეზღუდვა მისაღებია, თუ ოპოზიციის წევრების საზედამხედველო ფუნქციები გაიზრდება.

რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ინიციატორებისთვის ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის შიშები გაუგებარია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ცვლილებების მიზანი არა ოპოზიციის უფლებების შეზღუდვა, არამედ პარლამენტის სტრუქტურის ოპტიმიზაციაა.

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს პლენარულ სხდომაზე განსახილველად სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიტანენ.

დღის ამბები