06 ივლისი 2020,   03:13
ვრცლად
ჯანდაცვის სისტემისა და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად სომხეთში ეფექტური ნაბიჯები არ გადაიდგა - გრანტ მიკაელიანი 

კავკასიის ინსტიტუტის მკვლევარი გრანტ მიკაელიანი "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ პანდემიასთან გამკლავების პროცესში გადაწყვეტილებები დაგვიანებული და არაეფექტური იყო. მისი თქმით, მთავრობის აპარატის დიდი ნაწილი პროცესში ჩართული არ იყო, მათ შორის, ჯანდაცვის ექსპერტებიც.  

"მთავრობის აპარატის დიდი ნაწილი არ იყო პროცესში ჩართული, მათ შორის, ჯანდაცვის ექსპერტებიც. გადაწყვეტილებები იყო დაგვიანებული და არ იყო ეფექტიანი. მთავრობა რამდენჯერმე შეცდა - ერთი იყო შვედური მეთოდის გამოყენება სომხეთში, მეორე იყო ის, რომ მათ ჩათვალეს, რომ კორონავირუსი მსუბუქი ვირუსია და სირთულეებით ის გრიპის მსგავსია,“ - ამბობს გრანტ მიკაელიანი. 

გრანტ მიკაელიანის თქმით,  ჯანდაცვის სისტემისა და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად სომხეთში ეფექტური ნაბიჯები არ გადაიდგა. 

"რადგან მთავრობაში არ არის შეთანხმებული პოზიცია თუ რა ხდება და რა უნდა გავაკეთოთ, მათი გადაწყვეტილებები მუდმივად იცვლება. ხშირად საუბრობენ, რომ უნდა დავუბრუნდეთ კარანტინს, მერე ამბობენ, რომ შეუძლიათ მასობრივი ინფიცირების თავიდან აცილება, ამიტომ ზუსტად გამოცნობა ძალიან რთულია თუ რას იზამენ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ როდესაც ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება, მთავრობას მოუწევს  მკვეთრი ზომების მიღება.

პრობლემა ისაა, რომ კომენდატურა არ ზრუნავდა უსაფრთხოების ზომებზე, არ მეთვალყურეობდა კარანტინს. ამის მაგივრად პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რისკებს ითვლიდა და ამან შეუშალა ხელი თანმიმდევრული გადაწყვეტილების მიღებას. ამიტომ, სომხეთი ყველანაირად დაზარალდა. მათ შორის, ეკონომიკური ზიანი აქ უფრო დიდია, ვიდრე საქართველოში. ჯანდაცვის სისტემისა და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ეფექტური ნაბიჯები არ გადაიდგა," - აცხადებს გრანტ მიკაელიანი. 

მისი თქმით, მთავარი შეცდომა იტალიის საზღვრის გვიან ჩაკეტვა იყო. გარდა ამისა, კავკასიის ინსტიტუტის მკვლევარი  შეცდომად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მალევე აღდგენას ასახელებს.

“მთავარი შეცდომა, ეს იყო იტალიის საზღვრის გვიან ჩაკეტვა. მეორე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა 18 მაისისთვის, როდესაც სომხეთი უკვე ვეღარ უმკლავდებოდა ვირუსს. იმის მაგივრად, რომ მიეღოთ ინფექციის შეკავების ახალი ზომები, მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღადგინა და შედეგად მეტი დაინფიცირებული ადამიანი  მივიღეთ.

ხელისუფლება იმ მოსაზრებით მოიქცა ასე, რომ ეკონომიკას ზიანი ადგებოდა და ამას შეეძლო ქვეყანა ნეგატიურ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობამდე მიეყვანა, მაგრამ გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, არ იყო ბოლომდე კარგად გათვლილი."  -განაცხადა გრანტ მიკაელიანმა.

 

 

დღის ამბები