19 აპრილი 2024,   08:04
ვრცლად
ყველა პარტნიორთან, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, რომელმაც თავის სიტყვა თქვა, გვექნება სწრაფი მოლაპარაკებები - გიგა ბოკერია მაჟორიტარების წარდგენაზე 

"რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრის დავით ბერძენიშვილის მიერ დასახელებულ მაჟორიტარების წარდგენის ფორმულას ოპოზიციის წევრები აფასებენ. 

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, დავით ბერძენიშვილის მოსაზრებებს გაითვალისწინებენ დ მხედველობაში მიიღებენ, თუმცა  წინასწარ ვერაფერს იტყვის.   

"ბატონი დავითის მოსაზრებებსაც აუცილებლად მხედველობაში მივიღებთ, წინასწარ არაფერს ვიტყვი. ახლა ძალიან მოკლე პერიოდში ყველა პარტნიორთან, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, რომელმაც თავის სიტყვა თქვა, ჩვენ გვექნება სწრაფი მოლაპარაკებები, რომ შეთანხმებამ, რომელიც თბილისში იქნება მიღწეული, ასახოს ის მრავალფეროვნება, რომელიც არის პოლიტიკურ სპექტრში, იმ წონებით, რაციონალური ტესტით, ფიგურების გაზომვით, ვინც აშკარად და ძლიერად მოუგებს "ოცნების" ალტერნატივას, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მრავალფეროვნების დემონსტრირებით," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ ახლა, როგორც "რესპუბლიკურ პარტიას", ასევე სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, შექმნან ერთიანი პოზიციები. 

"დავით ბერძენიშვილის, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ოპოზიციურ ველზე, აქვთ უნიკალური შესაძლებლობა შექმნან ერთიანი პოზიციები, შემუშავდეს ერთიანი მიდგომები. ეს შესაძლებლობები ჩვენ მაქსიმალური დათმობების ხარჯზე მივეცით მთელ დანარჩენ ოპოზიციას. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ დავით ბერძენიშვილიც, შალვა ნათელაშვილიც, სხვა პოლიტიკური ლიდერები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ჩამოყალიბდებიან ერთობლივ პოზიციაზე თბილისთან დაკავშირებით, ჩვენ ვართ ამ პროცესში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ერთიანი პოზიცია, ოპოზიციის ერთობლივი ფრონტი შემუშავდეს თბილისის ირგვლივ," - აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

თბილისში ოპოზიციური რვიანი, თბილისს გარეთ სრული კონკურენცია - ასეთია არჩევნებში გამარჯვების ფორმულა დავით ბერძენიშვილისგან. "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ მთავარი მეორე ტურში ურთიერთმხარდაჭერაა. მისი ხედვით, თბილისის 8 ოლქში ადგილები ასე უნდა გადანაწილდეს - ორ-ორი ადგილი ერთიან ნაციონალური მოძრაობას, ევროპულ საქართველოს და ლელოს უნდა ერგოს, თითო-თითო კი ლეიბორისტებს და ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობას.

დღის ამბები