20 აპრილი 2024,   14:38
ვრცლად
ბაგებში მომხდარი სისხლიანი ბიზნეს გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე, მამუკა გურჩიანი ბრალს აღიარებს

სისხლიანი გარჩევა ბაგებში - რამდენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება გრძელდება. ფაქტზე დაკავებულ ორ მამაკაცს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. მერაბ ხიდაშელს ჯგუფურ ძალადობას, მამუკა გურჩიანს კი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მამუკა გურჩიანი ბრალს აღიარებს. საუბარია ბიზნეს დავაზე, რომელიც ბარ "არტ ჰაუს თბილისის" წილების გადანაწილებას უკავშირდება.

"მასალები დღეს გადმომეცემა და ამის შემდეგ ყველაფერი უფრო ზუსტად მეცოდინება, მაგრამ გუშინ გურჩიანმა ჩემთან შეხვედრის დროს დააფიქსირა, რომ აღიარებითი ჩვენება მისცა, ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი,"- აღნიშნავს მამუკა გურჩიანის ადვოკატი კობა ამბარდნიშვილი.

მერაბ ხიდაშელის ადვოკატის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. 

"ბატონ მერაბს დროებითი დაკავების იზოლატორში გუშინ შევხვდი, მან კიდევ ერთხელ დაბეჯითებით განმიმარტა, რომ აბსოლუტურად უდანაშაულოა. როგორც კი დაიწყო სროლა, მან მაშინვე დატოვა ტერიტორია და თავს გაქცევით უშველა," - აცხადებს მერაბ ხიდაშელის ადვოკატი დავით კორკოტაშვილი.

შეგახსენებთ, ბაგებში სისხლიანი ბიზნეს გარჩევა რამდნიმე დღის წინ მოხდა. პოლიციამ ბიზნესმენი მერაბ ხიდაშელი ჯგუფური ძალადობისთვის დააკავა. ის ბარ "არტ ჰაუს თბილისის" ერთ-ერთი მთავარი მეწილეა. გაირკვა, რომ ორ მხარეს შორის დაპირისპირება სწორედ წილების გადანაწილებას უკავშირდებოდა. 

დღის ამბები