06 ივლისი 2020,   03:39
ვრცლად
"ქართულ ოცნებასთან" ახლოს მყოფი კომპანიები გამდიდრდნენ, მათ ჩვენი ჯიბიდან ამოიღეს ფული" - ანა დოლიძე

სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის“ დამფუძნებლის ანა დოლიძის განცხადებით, პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების სუბსიდირების პროგრამაში მონაწილე კომპანიებიდან სამის მეპატრონე ”ქართული ოცნების" შემომწირველია, კიდევ სამს კი ტენდერში მონაწილეობა არასდროს მიუღია. კომპანიებს შორის არის ჰიპერმარკეტი "კარფურიც", თუმცა რა თანხა გადაეცა კომპანიას, ოფიციალურ ინფორმაციაში დასახელებული არ არის.

"იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით სუბსიდია, უმეტესობა უკვე იყო "ქართული ოცნების" შემომწირველი. "ქართულ ოცნებასთან" ახლოს მყოფი კომპანიები გამდიდრდნენ, მათ ჩვენი ჯიბიდან ამოიღეს ფული და ქართველი ხალხი კი, რომელსაც გაუძვირდა პროდუქტები, გაღარიბდა," - განაცხადა ანა დოლიძემ. 

ანა დოლიძის განცხადებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა უპასუხა. 

"ჩვენ არ ჩაგვიტარებია ტენდერი. ნამდვილად არ ვიცი, ვინ ვისი შემომწირველია, ვინ რას აკეთებს. მე ვიცი, რომ მაქსიმალურად ეფექტურად იხარჯება სახელმწიფო ფული და ეს იყო შესაძლებლობა მიცემული გამჭვირვალედ, საჯაროდ საქართველოში ყველა მომუშავე კომპანიისთვის. ამ შესაძლებლობით, ჩვენდა სამწუხაროდ, ისარგებლეს ძალიან მცირე კომპანიებმა, ქალბატონ ანა დოლიძის ნამდვილად აქვს უნარი, რომ დოკუმენტი წაიკითხოს და შეაფასოს. ვფიქრობ, რომ მას არ წაუკითხავს," - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა

დღის ამბები