20 აპრილი 2024,   05:26
ვრცლად
"ვერ ვსუნთქავ" - ამ სლოგანით საპროტესტო გამოსვლები აშშ-ში მეთორმეტე დღეა გრძელდება - ტრამპის პოლიტიკას კი მკაცრად აკრიტიკებენ 

"ვერ ვსუნთქავ" - ამ სლოგანით საპროტესტო გამოსვლები ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე მეთორმეტე დღეა მიმდინარეობს. დღის განმავლობაში კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ მანჰეტენზე საპროტესტო აქციის 20-მდე მონაწილე დააკავა. კალიფორნიაში კი აქციის მონაწილეებმა პროტესტი უჩვეულო ფორმით გამოხატეს და ჯორჯ ფლოიდის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად დაიჩოქეს.

რასიზმისა და სამართალდამცველთა ძალადობის წინააღმდეგ აქციები გაიმართა ავსტრალიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაშიც. კანადაში საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც მიიღო. დემონსტრანტების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ჯასტინ ტრუდომაც დაიჩოქა.

"ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია"- ეს სახელი დაერქვა თეთრი სახლის წინ მდებარე ქუჩას ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად და რასიზმის დასაგმობად. იგივე გიგანტური წარწერა გამოჩნდა პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზეც. ინიციატივა ვაშინგტონის მერს ეკუთვნის, რომელმაც ტრამპის განცხადება ვაშინგტონში აქციის მონაწილების წინააღმდეგ, სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე, რამდენჯერმე გააკრიტიკა.

ვაშინგტონის მერის კრიტიკას კრიტიკით უპასუხა დონალდ ტრამპმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დემოკრატ მერს არაკომპეტენტური უწოდა და დედაქალაქში დამატებითი სამხედრო ძალების შეყვანით დაემუქრა.

პრეზიდენტი ტრამპი შეერთებული შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გააკრიტიკა. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, ტრამპი ბუნკერიდან უნდა გამოვიდეს და საკუთარი სიტყვებისა თუ ქმედებების შედეგებს თვალი გაუსწოროს.

46 წლის აფრომაერიკელის გარდაცვალების საქმეზე 4 სამართალდამცველია დაკავებული, ამის მიუხედავად დემონსტრაციები შეერთებული შტატების 40-ზე მეტ ქალაქში გრძელდება. აქციებზე მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა პოლიციის რეფორმირებაა.

დღის ამბები