06 ივლისი 2020,   02:14
ვრცლად
ვითარება მეზობელ სახელმწიფოებში - სომხეთში შიშობენ, რომ იტალიის სცენარი განმეორდება

21-ე საუკუნის ტექნოლოგიების ხანაში მსოფლიო კორონავირუსის 18 წლის წინ დანერგილი მეთოდებით ებრძვის - სოციალური დისტანციით და პირბადის გამოყენებით, თუმცა მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, საქართველოშიც არიან ადამიანები, ვისაც ვირუსის არსებობის არ სჯერა და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები და ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა უბრალოდ მოგონილი ჰგონიათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია. 

რუსეთი რთული ვითარების მიუხედავად, ეპიდემიის დროსაც თავს მუდმივად გვახსენებს - ლუგარის ლაბორატორიიდან დაწყებული, ვირუსის წარმოქმნაზე ეჭვებით დამთავრებული. ასეთ ვიტარებაში კი ქვეყანა  ინფიცირებული პაციენტების რაოდენობას ვერ ითვლის. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა და 197 გარდაიცვალა. საერთო ჯამში რუსეთში ვირუსით ნახევარ მილიონამდე ადამიანი დაავადდა და გარდაცვლილთა რაოდენობა 6 ათასს აღწევს. ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. 

რთული ვითარებაა მეზობელ სომხეთშიც. ჟურნალისტი ერევნიდან ყვება, რომ ის ვირუსის სიმპტომებით სახლში გადის მკურნალობას და ქვეყანაში არასაკმარისი ტესტების გამო მონაცემების გადამოწმებაზე უარი მიიღო. 

სომხეთში შიშობენ, რომ იტალიის სცენარი განმეორდება. საქართველო სომხეთს დახმარებას სთავაზობს.  

აზერბაიჯანში შემსუბუქებული შეზღუდვები ისევ გაამკაცრეს. დაკეტილია ყველა მაღაზია, აფთიაქი, ბანკი, კაფეები და რესტორნები. მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. ბოლო 24 საათში 338 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რთულია ვითარება თურქეთშიც, სადაც ამ დრომდე 169 ათასამდე დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

26 ათასს უახლოვდება ინფიცირებულთა რიცხვი უკრაინაში. არსებული მონაცემების მიუხედავად, ქვეყანა დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს. გახსნილია ეკლესიები, რესტორნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საცურაო აუზები, სპორტდარბაზები და სასტუმროები.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები ჯერ კიდევ ჩაკეტილი აქვს, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. დაანონსებულია, რომ შიდა ტურიზმი 15 ივნისს ამოქმედდება და მწვანე ზონის ქვეყნებიდან ტურისტებს საქართველო 1 ივლისიდან მიიღებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ საზღვრების გახსნასთან ერთად სიფრთხილე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 

 

დღის ამბები