20 აპრილი 2024,   00:33
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" ამ მოლაპარაკებებში მართლა მოუგო ოპოზიციას, თან ახვეწნინა - დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, დავით ჭიჭინაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს. "დღის კურიერის“ პირდაპირ ეთერში ჭიჭინაძე ამბობს, რომ უმრავლესობაში ყოფნის დროს, პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს არასდროს უჭერდა, თუმცა გასული წლის 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენები ხალხის მონაპოვარი იყო და დეპუტატი ვალდებულია ხალხის მონაპოვარს დაემორჩილოს.  

"მე არასოდეს არ ვუჭერდი პროპორციულ სისტემას მხარს, როდესაც ვიყავი უმრავლესობაშიც, მაშინ ვიყავი პრაქტიკულად ბოლო დეპუტატი, რომელიც დამითანხმეს საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომ 2024 წლიდან გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე. 2020 წელს, მე ვიყავი ბოლო ბასტიონი, რომელიც დაითანხმეს, რომ 2020 წელს იქნება მაჟორიტარული და პროპორციული სისტემა, შერეული და 2024-დან გადავიდოდა პროპორციულზე ზოგადად და რომელიც წერია კონსტიტუციაში. შემდეგ მოგეხსენებათ, იყო კიდევ ერთი ცვლილება, რომ პოლიტიკური პარტიების მოთხოვნით უნდა მომხდარიყო ერთჯერადად ბლოკების დაშვება, 3%-იანი ბარიერი მიღებული იყო და ამასაც დიდი მიღწევა დაარქვეს მაშინაც და დემოკრატიის ზეიმი.

2019 წლის 20 ივნისს რაც მოხდა, ეს ხალხის მონაპოვარი იყო და დეპუტატი ვალდებულია ხალხის მონაპოვარს დაემორჩილოს და ეს იყო იმ სისხლიანი ღამის გამოძახილი, როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო დაანონსებული. ამის გამო იყო, რომ მე დავუჭირო მხარი, მაგრამ როგორც კი ჩავარდა ეს პროექტი, მე ვფიქრობ, ამის შემდეგ ნებისმიერ მცდელობა, რომელიც არის ზოგადად მიმართული რაღაც მიახლოებული, დამსგავსებული, ასეთი რამე არ არსებობს ბუნებაში. ან უნდა იყოს პროპორციული, ან უნდა იყოს შერეული." - აცხადებს ჭიჭინაძე. 

დავით ჭიჭინაძე "ევროპული საქართველოს" მიერ, პირველ კენჭისყრაში მონაწილეობას ეხმაურება და ამბობს, რომ "ევროპულ საქართველოს" საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შიში ჰქონდა, სწორედ აქედან გამომდინარე იყო განპირობებული მათი კენჭისყრაში მონაწილეობა. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ პრაქტიკულად კენჭისყრაშიც მონაწილეობა მიიღო ერთმა ე.წ. ევროპულმა საქართველომ, რომელმაც პრაქტიკულად დაარღვია და შემდეგ ახსნა განმარტებები დაიწყო, რომ თურმე მეორე მოსმენაზე არ დაუჭერს. შიში ჰქონდათ უბრალოდ, რომ ჩავარდებოდა. მათი ინტერესი არის, რაც შეიძლება მეტად იყოს პროპორციული. მათთვის მაჟორიტარული სისტემა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მიუღებელია ვიდრე პროპორციული.

"ქართული ოცნებაც" მობილიზებული იყო, მასაც აწყობს ეს სისტემა, 116 ხმა მოაგროვეს ევროპული საქართველოს გარეშე და მე ვფიქრობ, "ქართული ოცნების" ინტერესები და ევროპული საქართველოს ინტერესები რატომღაც სულ ემთხვევა ერთმანეთს. მერე ალბათ თვითონაც გააცნობიერეს, რომ რეალურად, აღმოჩნდნენ მხოლოდ და მხოლოდ ის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც მხარი დაუჭრია ქართული ოცნების ამ დამახინჯებულ ვარიანტს," - აცხადებს დავით ჭიჭინაძე. 

დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას არ აპირებს. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი უმრავლესობისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებს ვაჭრობას უწოდებს.

"არ დავუჭერ მხარს. მე ვთვლი, რომ ამ ბოლო ვაჭრობაში მონაწილება ხალხს არ მიუღია, მთავარ ძალაუფლების წყაროს. ხალხი არის ძალაუფლების წყარო... "ქართულმა ოცნებამ" ამ მოლაპარაკებებში მართლა მოუგო ოპოზიციას, იმიტომ რომ მიაღებინა თან ახვეწნინა. ამ სისტემაში "ქართულ ოცნებას" აქვს აბსოლუტურად უფრო მეტი შანსი, მეტი მაჟორიტარი გაიყვანოს, ვიდრე 73-ის პირობებში," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

აქვე, დამოუკიდებელი წევრი ამბობს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას აპირებს.   

დღის ამბები