20 აპრილი 2024,   11:51
ვრცლად
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე - ექსპერტი ცეცხლსასროლი და მჩხვლეტავი იარაღის გამოყენებას გამორიცხავს

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე არ ადასტურებს იმას, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს ძვლებსა და თავის ქალაზე მოტეხილობები აღენიშნებოდა. ამის შესახებ ექსპერტმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"გარეგანი დათვალიერებით და მთლიანი ვიზუალური კვლევით დაფიქსირდა არაერთი დაზიანება, რომელიც წარმოადგენს ბლაგვი ხასიათის ტრავმის შედეგს. ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვამს აღენიშნებოდა ჩონჩხის ძვლების მოტეხილობა, ქალა-სარქველი, ანუ თავის ჰქონდა ჩამტვრეული, ყური ჰქონდა მოცილებული - ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ არანაირი ჩონჩხის ძვლების, ქალა-სარქველის მოტეხილობა, ყურის მოცილება სხეულისგან, გვამის გამოკვლევისას არ აღენიშნებოდა. სახის არეში ჰქონდა დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით, ასევე სხვა ადგილებზეც. ექსპერტიზის შედეგად დადგინდება, რა იყო სიკვდილის მიზეზი, ცოცხალი მოხვდა წყალში თუ არა, დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ მის შემდგომ. იმ დაზიანებებს შეეძლო თუ არა სიკვდილის გამოწვევა ან ხელის შეწყობა," - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

ექსპერტის თქმით, რა პირობებში შეიძლება მიეღო დაზიანებები, მუშტის დარტყმით, ხელკეტის დარტყმით, გორაკზე ჩაგორებით თუ წყალში მოძრაობის დროს, ამაზე მსჯელობა შეიძლება მას შემდეგ, რაც იქნება გვამის გამოკვლევის საბოლოო დასკვნა. ამასთან ალექსანდრე გეჯაძე გამორიცხავს ცეცხლსასროლი იარაღის ან მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით მიყენებული დაზიანებებს:

"ცალსახად გამოირიცხა ცეცხლსასროლი  იარაღით მიყენებული დაზიანება, ცალსახად გამორიცხულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით მიყენებული დაზიანება. სახეზეა ბლაგვი ხასიათის ტრავმა," - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, აღნიშნული დაზიანებები მიყენებული ყოფილიყო ხელკეტით, ექსპერტმა განაცხადა რომ კონკრეტულ შემთხვევაზე ჯერ ვერ ისაუბრებს, თუმცა ბლაგვ საგნებში ხელკეტიც იგულისხმება:

"ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვერ გიპასუხებთ, რომელი დაზიანება შეიძლება მიეღო ხელკეტით, მუშტით ან ქვით. ზოგადად ხელკეტი, ქვა, მუშტი, ციცაბო ზედაპირი - ყველა ეს წარმოადგენს მკვრივ ბლაგვ ზედაპირებს და საგნებს,"- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ, მისი თქმით ექსპერტიზის პასუხების მიღება 2 კვირაში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები