24 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
კინოთეატრ "ამირანთან" მიმდინარე აქციისას ანა სუბელიანზე ძალადობაში ბრალდებულს 1.6 წლით პატიმრობა შეეფარდა

კინო "ამირანთან", რამდენიმე თვის წინ გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. 

შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული შ.შ. დამნაშავედ ცნო.

გამოძიებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 19:45 საათზე, თბილისში, კოსტავას ქუჩის N36/1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კინოთეატრ "ამირანის" წინ მიმდინარე აქციის დროს, შ.შ-მ გარეგნული იერსახისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მობილური ტელეფონი ესროლა ანა სუბელიანს, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა სახის არეში. შედეგად, დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

სამართალდამცველებმა შ.შ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციული ფორმით ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით მკაცრ პოლიტიკას ატარებს.

დღის ამბები