18 აპრილი 2024,   23:14
ვრცლად
რა შემთხვევებშია აბიტურიენტი ვალდებული პირბადე გამოიყენოს - ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ღია ფანჯრის პირობებში კონდიციონერის ჩართვისას ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, თუ რა შემთხვევებში იქნება აბიტურიენტი ვალდებული, ეროვნულ გამოცდებზე პირბადე გამოიყენოს.

"დაახლოებით, ორი თვეა შექმნილია ერთობლივი ჯგუფი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავისთავად მონაწილეობდა. ყველაზე დიდი კამათი იყო ორ საკითხზე  - გამოცდებზე ვენტილაციის შესაბამის პირობებზე და პირბადის ხმარების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამცავის და პრევენციული საშუალების გამოყენების წესზე. ამასთან დაკავშირებით იცით, რომ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო რეკომენდაციებით, უკვე არის მტკიცებულებები, რომ თუ ფანჯრები ოთახში ღიაა და კონდიციონერი ჩართულია, მინიმალურია საფრთხე ინფექციის გავრცელებისა.

ამიტომ, რა თქმა უნდა, კონდიცირების გამოყენება გამოცდების პროცესში შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ეკეთოთ პირბადე. პირბადე არის ერთ-ერთი მთავარი დამცავი საშუალება და აბიტურიენტებს ჰქონდათ გარკვეული წუხილი და დაგეთანხმებით, რომ პირბადე არის გარკვეულად შემაწუხებელი, დისკომფორტი და მათი აზროვნების კონცენტრაცია ამ დროს შეიძლება გაიფანტოს. ეს ნაკლებ დამაჯერებელია, მაგრამ აქაც გამოინახა კომპრომისი.

პირბადის გამოყენება რეკომენდირებულია დახურულ შენობებში ყველგან, მათ შორის აბიტურიენტიც უნდა შევიდეს პირბადით გამოცდაზე, საგამოცდო ბილეთის აღების დროს, კომისიის წევრებთან, ზედამხედველებთან კონტაქტირებისას, მხედველობაში მაქვს, როცა აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი, საუბრობენ, აუცილებელია აბიტურიენტებს და ყველა იქ დამსწრე ადამიანს ჰქონდეს პირბადე.

მაგიდები არის უფრო მეჩხერად, წელს განახევრებულია რაოდენობა, მაგიდებს შორის მარცხნივ და მარჯვნივ არის მინიმუმ ორი მეტრი დისტანცია, წინ და უკან დაახლოებით, ერთი მეტრი, არის ე.წ. დეზობარიერი, სრულად დაცულია წინ და უკან, ასევე გვერდზე მჯდომი ადამიანი. მაგიდასთან დაჯდომის დროს ვუშვებთ, რომ აბიტურიენტს თუ არ უნდა პირბადის ტარება, მოიხსნას წერის დროს, მაგრამ თუ დაუძახებს გარკვეული საკითხის გასარკვევად ზედამხედველს, აუცილებელია ესაუბროს მას პირბადით.

თუ უნდა ტუალეტში გასვლა, აუცილებელია გავიდეს პირბადით. ნაწერს როცა დაამთავრებს, ჩასაბარებლად აუცილებელია იყოს პირბადით. ანუ მხოლოდ მაგიდასთან მუშაობის პროცესში თუ აწუხებს პირბადე, რეკომენდირებულია მოიხსნას, მას ამისთვის არავინ დასჯის," -  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები