26 აპრილი 2024,   01:11
ვრცლად
"მოსარჩელესა და სახელმწიფოს შორის მოხდა მორიგება, რა დროსაც სახელმწიფომ საქმის ეფექტური გამოძიების ვალდებულება აიღო" - პატიმრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობის საქმე

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველოს" იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, სახელმწიფომ საქმის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროსასამართლოს მიმართა. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე 2019 წელს სახელმწიფოსა და მოსარჩელეს შორის მორიგება მოხდა. 

"ფაქტი არ იყო დროულად გამოძიებული რის საფუძველზეც ჩვენ შიდა ინსტანციების შემდეგ უკვე მივმართეთ ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო სასამართლოს. ევროსასამართლოში 2019 წელს მოხდა მორიგება სახელმწიფოსა და მოსარჩელეს შორის და სახელმწიფომ აიღო ერთ-ერთ ვალდებულებად ის, რომ ეფექტურ გამოძიებას აწარმოებდა ამ საქმეზე და შესაბამის სისხლის სამართლებრივ დევნას განახორციელებდა კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ. დღევანდელი პროკურატურის განცხადებით გახდა ცნობილი, რომ მართლაც დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა ხელმძღვანელი პირის მიმართ,"- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა. 

საუბარია 2008 წელს პატიმრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, რაზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამება დაადგინა. ალექსანდრე მუხაძეზე ძებნა წითელი ცირკულარით მიმდინარეობს, მას სხვა სისხლის სამართლის დანაშაულების გამო ქართულმა სასამართლომ 9 წლით პატიმრობა უკვე მიუსაჯა. 

დღის ამბები