20 აპრილი 2024,   03:13
ვრცლად
პარიზის რეისის ბილეთები ისე იყო გაყიდული, რომ ჩვენი ოფიციალური თანხმობა გაცემული არ იყო - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რომ ავიაკომპანია "აირზენას" მიერ დაგეგმილი მთელი რიგი რეისები მართლაც შეთანხმებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, თუმცა პარიზის რეისის ბილეთები ისე გაიყიდა, რომ ეკონომიკის სამინისტროდან ოფიციალური თანხმობა არ გაცემულა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რეისი დაგეგმილი არ ყოფილა, სამინისტრო სრულად აიღებს პასუხისმგებლობს მისი უსაფრთხოდ შესრულებაზე.

"იყო მთელი რიგი რეისები, რაც მართლაც შეთანხმებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, მაგრამ მაგალითად, იგივე პარიზის რეისის ბილეთები, იყო ისეთნაირად გაყიდული, რომ ჩვენი ოფიციალური თანხმობა ამაზე გაცემული არ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც არ იყო დაგეგმილი და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა ორგანიზაციული საკითხის მოგვარების, რომ უსაფრთხოდ შესრულდეს ეს რეისი თვითონ მგზავრებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, და ეს გარკვეულ სირთულეს ახლა გვიქმნის, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ან არ გადაიდოს, ან დიდი ხნით არ გადაიდოს ეს რეისი და დროულად შესრულდეს," - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ავიაკომპანია "აირზენა" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებელ რეისებს გეგმავს. ნათია თურნავას განცხადებით, "აირზენა" ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს შეუთანხმებლად ყიდის. იმისთვის, რომ მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემები, მინისტრის განცხადებით, მათ ბილეთები მხოლოდ იმ რეისებზე უნდა შეიძინონ, რომელთა განრიგიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვებგვერდებზე ოფიციალურად არის გამოქვეყნებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრალდებას, რომ "აირზენა" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებელ რეისებს გეგმავს, "საქართველოს ავიახაზების" გენერალური დირექტორი რომან ბოკერიას გამოეხმაურა და განაცხადა, კომპანიის ყველა რეისი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთანაა შეთანხმებული.

დღის ამბები