16 აპრილი 2024,   21:15
ვრცლად
სამწუხაროდ, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება არ მოხდა არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მხრიდან - თამარ ჩუგოშვილი

სამწუხაროდ, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება არ მოხდა არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მხრიდან - ეს განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა დღის კურიერში სტუმრობისას განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როცა საკონტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

გარდა ამისა, თამარ ჩუგოშვილი იმასაც ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება ასევე გულისხმობს, რომ არჩევნებამდე პერიოდში მართლმსაჯულების პოლიტიკურად გამოყენება არ უნდა მოხდეს.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ის თავადაც მონაწილეობდა 8 მარტის შეთანხმების შედგენაში და მასზე დაკისრებული ვალდებულება შეასრულა.

"ჩემი აზრით, ძალიან არასწორად მოიქცა ოპოზიცია, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. იმიტომ რომ ყველა ჩვენგან გვქონდა პასუხისმგებლობა აღებული, რომ ამ საკონტიტუციო ცვლილებებისთვის ხმა მიგვეცა  და არანაირი საბაბით ჩემი აზრით გამართლებული არ იყო. არასწორად მიმაჩნდა, რომ ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებდნენ.

რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილს, ბევრი წინააღმდეგობრივი განცხადებები მოვისმინეთ, მაგრამ რეალურად ეს მეორე ნაწილი გულისხმობს, რაც არის ტექსტში ძალიან ნათლად ჩაწერილი - ის, რომ მართლმსაჯულების პროცესის პოლიტიკურად გამოყენება  არ უნდა ხდებოდეს, ხოლო იქ, სადაც ჩანდა ეს პოლიტიკური ჩარევა იმ საქმეებთან დაკავშირებით ხელისუფლებას უნდა გადაედგა ნაბიჯები. თითქმის ყველა საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, მიუხედავად იმისა, რომ თან ამბობდნენ ამაზე არ შევთანხმებულვართო, მაგრამ თან აკეთებდნენ ამ ყველაფერს. შეწყალებები ვნახეთ, ვნახეთ გარკვეულ საქმეებზე უვადოდ გადადება პროცესების.  რურუას საქმე არის, რომელზეც შედეგი არ გვინახავს, ყოველ შემთხვევაში ცვლილება მის საქმეში არ დამდგარა, მაგრამ ამით არ სრულდება 8 მარტის შეთანხმება.  8 მარტის შეთანხმება ასევე გულისხმობს იმას, რომ არჩევნებამდე პერიოდში მართლმსაჯულების პოლიტიკურად გამოყენება არ უნდა მოხდეს. ჩვენ არ უნდა ვნახოთ პოლიტიკური დევნა,  დაკავებები და ასე შემდეგ, ანუ ისეთი ქმედებები ქართული მართლმსაჯულების მხრიდან, რომელიც სერიოზულ კითხვებს აჩენს, სადაც არის სამართლებრივი ხარვეზები და სადაც იკვეთება პოლიტიკური ხელი. ეს თუ მოხდება ისევ ხელისუფლება დაზიანდება. ხელისუფლებას აქვს აღებული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ სუფთა არჩევნები ჩაატაროს. 8 მარტის შეთანხმების ეს ნაწილი განგრძობადია.

ოპოზიციამ რურუას საკითხი აქცია საკვანძო საკითხად 8 მარტის შეთანხმების. ჩემი პოზიციაც ზუსტად ემთხვეოდა იმას, რასაც ამბობდნენ ამ პროცესის ფასილიტატორები, რომელთაც საკმაოდ რთული ამოცანა შეასრულეს, რაც წესით თვითონ პოლიტიკურ პარტიებს უნდა გაეკეთებინათ საქართველოში. მათი მხრიდან ორივე მხარის მიმართ იყო მოწოდება, მათ შორის ოპოზიციის მიმართ რომ კენჭისყრაში მიეღოთ მონაწილეობა და ეს ძალიან მკაფიოდ თქვეს, ჩემი აზრით, ოპოზიციამ დაუშვა შეცდომა, როდესაც სხვა გზა აირჩია და იმ ერთი კონკრეტული საქმის გამო გადაწყვიტა თავი აერიდებინა კენჭისყისგან. მოლოდინი მათ მიმართ იყო და ყველას მიმართ, მეც ვმონაწილეობდი ამ შეთანხმებაში და მე შევასრულე ჩემი პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება არ მოხდა არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების მხრიდან," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.  

დღის ამბები