25 აპრილი 2024,   13:57
ვრცლად
"შენნაირ უზრდელ პატიმრებს, ვკლავო" - ალექსანდრე მანუკიანი "კურიერთან" ალექსანდრე მუხაძის მიერ მასზე განხორცილებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს დღეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. საუბარია ალექსანდრე მანუკიანის საქმეზე, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამება დაადგინა. შემთხვევა 2008 წელს მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფ მანუკიანს ექიმთან დაპირისპირების გამო დირექტორის მითითებით ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაამცირეს. ალექსანდრე მუხაძეზე ძებნა წითელი ცირკულარით მიმდინარეობს. მას სხვა სისხლის სამართლის დანაშაულების გამო ქართულმა სასამართლომ 9 წლით პატიმრობა უკვე მიუსაჯა.

"კურიერი" საქმის დაზარალებულს ესაუბრა. ალექსანდრე მანუკიანი "კურიერთან" საუბრისას იხსენებს, თუ როგორ აღმოჩნდა 2008 წელს სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მისივე თქმით, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა. მანუკიანს 2007 წელს თავზე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ოპერაციის ჩატარებიდან დაახლოებით 10 დღეში ის დააბრუნეს მეექვსე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მანუკიანის თქმით, მას მალევე დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები, რამდენიმე თვეში ის გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მისთვის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა უნდა ჩაეტარებინათ. ამ გამოკვლევის დროს მან ექიმს ჰკითხა, თუ რატომ გაეწერა ოპერაციიდან 10 დღეში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლეოდა. ამ ხმაურზე, როგორც მანუკიანი ამბობს, დაწესებულების დირექტორი გამოვიდა, თანამშრომლებს სთხოვა, რომ მანუკიანი გადაეყვანათ ცალკე ოთახში.

"შემოვიდა, მკითხა - მიცნობ მე ვინ ვარ?! - მეთქი მე არ გიცნობ. შენნაირ უზრდელ პატიმრებს, ვკლავო. მეც ეგ მინდა მომკლა მეთქი, ჩემი ცოდვა გადავიდეს შენზე. ამოიღო იმ მომენტში ელექტრო შოკი და კისერზე მომადო, რომ გადამისროლა, მერე ტანზე. იქ თანამშრომლები დაახლოებით 15 იყვნენ და ყველამ შემაგდო წიხლქვეშ. ასე ცემა-ცემაში მაწამა. ხელბორკილი მედო," - განაცხადა მანუკიანმა.

ალექსანდრე მუხაძის ადვოკატი ლედი კორძაძე აცხადებს, რომ მას ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადასცემია, არ დაკავშირებია თავად ბრალდებულსაც. ადვოკატი აცხადებს, რომ მტკიცებულების საფუძველზე დაიცავს მის ინტერესებს.

დღის ამბები