25 აპრილი 2024,   16:55
ვრცლად
მტკიცებულებები, რომლითაც გამოძიება მხოლოდ ფეხბურთელის გარდაცვალების დადასტურების შემდეგ დაინტერესდა - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "კურიერმა" ახალი და კიდევ ერთი ვიდეომასალა მოიპოვა. საუბარია მტკიცებულებებზე, რომელიც  იმ ტერიტორიიდან ამოიღეს, რომელთან ახლოსაც ახალგაზრდა ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს.

ამ მტკიცებულებების შესახებ საუბარია გამომძიებელ გრიგოლ გოგოჩაშვილის შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმშიც. ეს დოკუმენტი 25 ივნისით თარიღდება და ირკვევა, რომ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მცხეთაში ხელახლა ჩატარდა. 

გამოძიებამ ამოიღო წყლის ბოთლი, წინდა და ფეხსაცმლის ჩასაფენი. საინტერესო გარემოებაა, რომ ამ კუთხით გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. ამოღებულ ნივთმტკიცებებს ექსპერტიზა უტარდებათ იმის დასადგენად, თუ ვის ეკუთვნის ისინი.

დათვალიერების ოქმი:

"...ტყე-ბუჩქნარში ნანახი იქნა ერთი ცალი პლასტმასის ბოთლი, ეტიკეტით "ბორჯომი". ბოთლს ახურავს თავისივე თავსახური და მასში მოთავსებულია გამჭვირვალე ფერის სითხე, რომელიც ბოთლში ასხია დაახლოებით ბოთლის ნახევრამდე...

აღნიშნული ბოთლიდან, დაახლოებით, 10-13 სმ-ში ხელმარჯვნივ ნანახი იქნა შავი ფერის ფეხსაცმლის ჩასაფენი... ზემოხსენებული ბოთლის მოპირდაპირე მხარეს ბოთლიდან დაახლოებით 15 სმ-ში ნანახი იქნა ერთი ცალი შავი ფეხასაცმლის ჩასაფენი, რომელთან ახლოს ასევე იყო შავი ფერის წინდა..." - წერია დათვალიერების ოქმში. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შეფასება დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკეთა.

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება, რაც ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებს გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

დღის ამბები