25 აპრილი 2024,   09:25
ვრცლად
როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები კოვიდპანდემიის პირობებში - პარლამენტში შეხვედრა იმართება

საარჩევნო კოდექსში დამტკიცებული ცვლილებების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო შეხვედრას მართავს. შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ, როგორ ჩაატარებენ არჩევნებს კოვიდპანდემიის პირობებში. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში შეკრებილებს დისტანციურად ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

ოპოზიცია შეხვედრას არ ესწრება, თუმცა საუბრობენ რისკებზე, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ ეპიდემია სათავისოდ გამოიყენოს. "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი იმედს გამოთქვამს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საშუალებას მისცემს.

"იმედი მაქვს და დიდი ალბათობაა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არჩევნების დროს იქნება კარგი. მთავარი პრობლემა არჩევნების დროს არის ის, რაც ადრეც იყო და ეუთოს დასკვნაშიცაა, ესაა ხალხის შეკრება საარჩევნო უბნის უშუალო სიახლოვეს, რომლებიც ზეწოლას ახორციელებენ ამომრჩეველზე, საარჩევნო უბანზე ტელეფონის შეტანა და ამომრჩეველთა მოსყიდვა, ეს არის 3 მთავარი პრობლემა, რასაც მე გამოვყოფდი," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ოპოზიციის შეფასებით, შექმნილი ვითარება არჩევნების გამჭვირვალობას სერიოზულ რისკებს უქმნის:

"ჩვენ ვნახეთ, რომ ყველაფერს სათავისოდ იყენებს ხელისუფლება და პანდემიაც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენა. არის ძალიან სერიოზული რისკები ამ არჩევნების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც პანდემიის პერიოდში საარჩევნო პროცესს თან ახლავს,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ არჩევნების დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩატარებას ხელს ვერაფერი შეუშლის. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, სწორედ ამისთვის მზადებას ემსახურება დღევანდელი შეხვედრაც.

შეხვედრაში მონაწილეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც. თამარ ჟვანიას თქმით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ქვეყნისთვის პოზიტიური სიგნალია. ცესკოს თავმჯდომარემ მომავალი არჩევნების დეტალებზეც ისაუბრა:

"კომისიის წევრები, დამკვირვებლები და უბანზე მყოფი ყველა პირი იმუშავებენ პირბადის გამოყენებით, მათ ექნებათ ასევე ხელთათმანები, რადგან უწევთ საარჩევნო დოკუმენტაციასთან შეხება. იქნება ე.წ. სანიტაიზერები, დამცავი საშუალებები, ამავდროულად საუბარია სახის ფარის გამოყენებაზე. უბანზე იქნება ყველა ის საჭირო ატრიბუტი, რაც უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამავდროულად ამომრჩევლებს ექნებათ კონკრეტული წესები," - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები