20 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
ახალი საარჩევნო სისტემა წინ გადადგმული ნაბიჯია 2024 წლის არჩევნებისთვის - კრისტიან ურსე

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე აცხადებს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა წინ გადადგმული ნაბიჯია 2024 წლის არჩევნებისთვის, როცა საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა და  ეს იყო პასუხი იმ დიდი მოლოდინებისა, რაც ფართო საზოგადოებაში არსებობდა.

"ვფიქრობ, ახალი საარჩევნო სისტემა წინ გადადგმული ნაბიჯია 2024 წლის არჩევნებისთვის, როცა საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავა. 2020 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი მიღწევაა და კარგია, რომ საბოლოოდ მიიღეს. ეს იყო პასუხი იმ დიდი მოლოდინების, რაც ფართო საზოგადოებაში არსებობდა. გარდა ამისა, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ნდობის გაზრდას.

კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ელემენტების მიღება მოხდა, თუმცა ისიც მესმის, რომ ბევრი საკითხი არსებობს, რაც ყურადღებას მოითხოვს და ბევრი რამ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამან შესაძლო რისკების წინაშე არ დაგვაყენოს. განვლილი პერიოდის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ კარგი და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღება კონსენსუსის შედეგად.

ამ შემოდგომას ბევრ ქვეყანაში უნდა გაიმართოს არჩევნები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ საკითხზე მოვახდინოთ აზრთა გაცვლა, განსაკუთრებით მათთან, ვინც უკვე ჩაატარა არჩევნები გასულ კვირებში. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ უმკლავდებიან სახელმწიფოები არჩევნების დროს არსებულ რისკებს.

ვფიქრობ, საქართველოს ამ მხრივ კარგი მოცემულობა აქვს. ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლას თავი წარმატებით გაართვა. ამიტომ, არჩევნებისთვის კარგი ნიადაგი არსებობს. როგორც ყველა სახელმწიფომ, ისე საქართველომაც უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები იმისთვის, რომ ამომრჩეველმა საკუთარი ხმის დაფიქსირება შეძლოს. ამისთვის უნდა მოხდეს სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა, ასევე, სხვა დამატებითი ზომების გატარება,"-განაცხადა კრისტიან ურსემ.

დღის ამბები