19 აპრილი 2024,   22:48
ვრცლად
საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არასაკმარისია, ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდით - მარიამ ჯაში

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დამოუკიდებელი დეპუტატების აზრები იყოფა. 

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსი მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს ვერ წყვეტს, ამიტომაც მისმა ფრაქციამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა. 

"პირველი გახლავთ სწორედ ადმინისტრაციული რესურსების გამოუყენებლობის გარანტიების შექმნა. ცვლილებები, რომელიც არის შეტანილი, არის არასაკმარისი. დაფინანსების სისტემები, რომელიც ჯერ კიდევ არ აზღვევს არალეგალური დაფინანსების წყაროების მიმოქცევას წინასაარჩევნო პერიოდში. მესამე გახლავთ მედიასთან წვდომის შესაძლებლობა. ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებდით აღნიშნულ კოდექსთან დაკავშირებით და შესაბამისად, თავი შევიკავეთ მონაწილეობისაგან," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი კი მიიჩნევს, რომ მცირე ხარვეზების მიუხედავად კოდექსში რეკომენდაციების დიდი წილი გათვალისწინებულია. 

"მნიშვნელოვნად გამოსწორდა ის ხარვეზები, რაც კანონში იყო. რეკომენდაციების დიდი წილი, ალბათ გათვალისწინებულიც არის. არის, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები რაღაც საკითხებზე, მათ შორის კოორდინატორების ფუნქციასთან დაკავშირებით. ბევრი პრობლემა, რომელიც ახასიათებს თუნდაც საქართველოს საარჩევნო პროცესს, არის იმის ბრალი, რომ არც არსებობს გარკვეული კომუნიკაცია პოლიტიკურ აქტორებს შორის. თუმცა, ასევე პირადად მე ვისურვებდი, რომ 25%-იანი კვოტის ნაცვლად უფრო მაღალი კვოტა ყოფილიყო ქალების, ვფიქრობ ეს კანონი გვაძლევს საშუალებას უფრო მაღალი ხარისხის საარჩევნო პროცესი წარვმართოთ," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

შეგახსენებთ, 2 ივლისს საქართველოს პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები დაჩქარებული წესით რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს, კანონპროექტს 94 მომხრე და 1 წინააღმდეგი ჰყავდა.

კოდექსში შეტანილი ცვლილებებით სავალდებულო ხდება პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის შეყვანა. ასევე აკრძალული ხდება კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც. ცვლილებების თანახმად 100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა ეკრძალებათ.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მედია-კამპანიისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი საეთერო დროის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებს.

დღის ამბები