20 აპრილი 2024,   04:02
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობას" დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევა, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულ  შესაძლო კორუფციულ გარიგებებს უკავშირდება, რეალობას არ შეესაბამება.

კობახიძე აღნიშნავს, რომ "ოპოზიციური სუბიექტები და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები" ხშირად ავრცელებენ Fake ნიუსებს. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობას" დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია, ამის ნიშნები აშკარად იკვეთება და ინტენსიურია ეს კამპანია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. არის ინტენსიური Fake კამპანია ქართული ოცნების და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ. ეს კამპანია არის გაშლილი და სხვადასხვა სუბიექტია მასში ჩართული - ოპოზიციური სუბიექტები, მათი მედია და ა.შ და მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები. ჩვენ ძალიან ხშირად ვავლენთ მათი მხრიდან გავრცელებულ Fake ნიუსს. შესაბამისად, აქაც 99%-იანი ალბათობით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება Fake ნიუსი,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" პარლამენტის წევრ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიის საქმიანობა შეისწავლა და დაადგინა, რომ შპს "სეტი+"-მა 2019 წლის ივლისიდან დღემდე 10 გამარტივებული შესყიდვით 57,762 ლარი მიიღო.

დღის ამბები