20 აპრილი 2024,   15:51
ვრცლად
პარადოქსია, რომ სიძულვილის ენის გამოყენებაზე გვიჩივის "ნაციონალური მოძრაობა"- მამუკა მდინარაძე

რატომ გახშირდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შორის სიძულვილის ენით საუბარი - უარყოფით ტენდენციებზე პოლიტიკური პარტიების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ.

მათი შეფასებით შესაძლოა პრობლემა იმას უკავშირდებოდეს, რომ მას არ არეგულირებს კანონმდებლობა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა, განსაკუთრებით კი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა, რომლებიც არიან ქვეყანაში გარკვეული სტანდარტების განმსაზღვრელნი და მოერიდონ სიძულვილის ენას.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” კონსულტანტი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ სიძულვილის ენით არ უნდა საუბრობდნენ, ხელისუფლებაში, რადგან ეს არ არის ეთიკური.

"მთავარი გამოწვევა, სწორედ ეს არის რომ შესაძლოა ეს კანონი აკრძალული არ არის, თუმცა ეთიკური არ არის. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც არ წარმოჩინდება ეს ყველაფერი დადებითად,"- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პოლიტიკაში სიძულვილის ენის გამოყენება არის მმართველი პარტიის ხელწერა, ხოლო მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მათ მიერ გამოყენებული ტერმინები ოპონენტების მიმართულებით არის სამართლიანი.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პოლიტიკური კულტურა უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რაც საერთაშორისო ასპარეზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"სიტყვის თავისუფლება არსებობს ყველასთვის, მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც ვინც ივანიშვილის გარემოცვაშია. პოლიტიკური კულტურა უნდა არსებობდეს, რასაც ივანიშვილი აკეთებს არის დანაშაული. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ივანიშვილის მარცხის შემდეგ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც "ევროპულ საქართველოს" არ უნდა გაუკვირდეს, რომ მმართველი გუნდი მათ კრიმინალურ ოპოზიციურ პარტიებად მოიხსენიებს.

"პარადოქსია ის, რომ სიძულვილის ენის გამოყენებაზე გვიჩივის "ნაციონალური მოძრაობა". "ნაციონალებს" და "ევროპულ საქართველოს" არ უნდა გაუკვირდეს, როდესაც ჩვენ დავუძახებთ და ვეძახდით კრიმინალურ ოპოზიციას. მაშინ, როდესაც მათი ლიდერების დიდი ნაწილი მსჯავრდებულია. ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აღარ არსებობს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გადაინაცვლებს, თუ არა პროცესები ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

დღის ამბები