16 აპრილი 2024,   22:50
ვრცლად
სიძულვილის ენა ქართულ პოლიტიკაში - ენმ-მ "ქართულ ოცნებას" შესაძლოა სასამართლოში უჩივლოს, საპასუხო სარჩელით იმუქრება უმრავლესობაც

"კრიმინალური ოპოზიცია, კურდღლები ხართ, ამისთვის ემზადებოდით ბიჭო? დესტრუქციული ოპოზიცია სადისტები იყვნენ და ახლა მაზოხისტები გახდნენ"- ეს სიტყვები "ნაციონალური მოძრაობისთვის", "ქართული ოცნების" წინააღმდეგ შესაძლოა მთავარი სამართლებრივი მტკიცებულებები გახდეს.

ოპოზიციური პარტია საკითხში საერთაშორისო მექანიზმებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართვასაც გეგმავენ.

სიტყვის თავისუფლების ცნება, რომ ყველა სუბიექტზე თანასწორად ვრცელდება ამას ოპოზიციური პარტიები აღიარებენ, თუმცა პოლიტიკაში სიძულვილის ენის გამოყენება მათთვის მმართველი პოლიტიკური ძალის ხელწერა და დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია, რომელსაც ოპონენტების თქმით, ხელისუფლება ამომრჩეველზე გავლენის მოსახდენად იყენებს.

ის რაც ოპოზიციისთვის სიძულვილის ენის გამოყენებაა, მმართველი გუნდის თქმით, მათი მხრიდან საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საარჩევნო გარემოს ტერმინების ნაცვლად კონკრეტული პარტიების არსებობა აზიანებს. ოპონენტების მიმართ გამოყენებულ ტერმინებს უმრავლესობა საკუთარი არგუმენტებით ხსნის და ოპოზიციის წინააღმდეგ საპასუხო სამართლებრივ ბრძოლასაც არ გამორიცხავს.

მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ კანონმდებლობით საკითხის დარეგულირება ერთგვარ სირთულესთანაა დაკავშირებული, რადგან თემა სენსიტიურია და ის საკმაოდ ახლოსაა გამოხატვის თავისუფლებასა და კრიტიკული აზრის შეზღუდვას შორის.

გადაინაცვლებს, თუ არა პროცესები სასამართლოში, იმ ფონზე, როდესაც სიძულვილის ენასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში რეგულაციები არ არსებობს, ნათელი ალბათ სავარაუდოდ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახდება.

დღის ამბები