20 აპრილი 2024,   00:51
ვრცლად
ე.წ. კანონიერი ქურდების მორიგი შავი საქმე - ფოთში მომხდარი დაკვეთილი მკვლელობის დეტალები 

კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები კვლავ საქართველოს ფარგლებს გარედან აგვარებენ საქმეებს. ამჯერად უკვე საუბარია მკვლელობის დაკვეთაზე. მკვლელობა წუხელ ფოთში მოხდა. 43 წლის მამაკაცი, რომელიც დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ, პანაშვიდიდან გაიტაცა სასტიკად ნაცემი ნაგავსაყრელზე იპოვეს.

მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაპირისპირება სავარაუდოდ ნარკოტიკებს უკავშირდება. საქმეში ორი ე.წ. კანონიერი ქურდი ფიგურირებს. "კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობა სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა - ჯუმბერ ბაიარამიდმა, იგივე "ბონჩომ" დაუკვეთა.

ცოლ-ქმარი, რომელიც "კურიერთან" საუბარზე უარს ამბობს, კრიმინალური ავტორიტეტის ჯუმბერ ბაირამიდის, მეტსახელად "ბონჩოს" მშობლები არიან. ე.წ კანონიერი ქურდის დედ-მამა ფოთში მომხდარი მკველელობის საქმეზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.

მოკლული ვაჟა ტყებუჩავას მამას ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც ის გატაცებული შვილის ადგილსამყოფელის მოსაკითხად კონკრეტულ მისამართზე მივიდა.

მოკლულის მშობელმა წინასწარ იცოდა, რომ მის შვილზე ანგარიშსწორებას სხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი კანონიერი ქურდი "ბონჩო" გეგმავდა. დაკარგული შვილის მოსაძებნად მისულს კი კრიმინალური ავტორიტეტის ნდობით აღჭურვილმა პირებმა სცემეს და არ უთხრეს, სად იმყოფებოდა 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა, რომელიც უკანონოდ გაიტაცეს.

ყველაფერი ქუჩიშვილის ქუჩაზე დაიწყო, როდესაც მამა-შვილი ტყებუჩავები, ერთ-ერთი ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდნენ. მათ მოულოდნელად თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამ ადგილიდან 43 წლის მამაკაცი ახლოს მდებარე სკოლის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში საქმის ე.წ. ქურდული გარჩევა მიმდინარეობდა. ფაქტის მოწმე სკოლის დარაჯია.

როგორც თვითმხილველები "კურიერთან" ყვებიან, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის "ბონჩოს" გარემოცვის 10-მდე წევრი, ხელკეტებით სცემდა ვაჟა ტყებუჩავას, რომელიც ამ დაპირისპირებაში მარტო იყო. სკოლიდან ის ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მანქანით გადაიყვანეს, სადაც სასტიკად ნაცემი ადგილზევე დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო ადგილობრივებმა დროულად გამოიძახეს, ნაცემი ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა ქურდული სამყაროს ორი ჯგუფის უთანხმოებას უკავშირდება. "კურიერმა" გაარკვია, რომ ჯუმბერ ბაირამიდს, მეტსახელად "ბონჩოს", პირადი კონფლიქტი ჰქონდა, ასევე ე.წ. ქურდული სამყაროს წევრ რუსლან გუგუნავასთან, რომელიც ასევე საქართველოში არ იმყოფება. წლების წინ დაწყებული კრიმინალური დავის მოგვარებას მხარეები, უკვე დიდი ხანია სწორედ ერთმანეთის გარემოცვის წევრებზე ანგარიშსწორებით ცდილობენ.

პოლიციამ მიაგნო ავტომობილს, რომლითაც ამ ჩხუბში მონაწილე პირები სარგებლობდნენ. ამოღებულია ნივთმტკიცებები. მკვლელობაში მონაწილე ყველა პირიც იდენტიფიცირებულია, თუმცა მათი დაკავების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს.

დღის ამბები