20 აპრილი 2024,   05:51
ვრცლად
ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტი კასპში - სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით დანაშაული დედამ ჩაიდინა

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მორიგი ფაქტი - სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, დანაშაული დედამ ჩაიდინა.

გამოძიების ვერსიით, გარდაცვლილი ჩვილი კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს. ქალმა სახლში იმშობიარა და შემდეგ ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო. ახალგაზრდა ქალი კასპის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ დედამ მშობიარობის შემდეგ ახალშობილი  საპირფარეშოში ჩააგდო. ადგილობრივების თქმით, არავინ იცოდა, რომ ქალი ფეხმძიმედ იყო, ის შემთხვევის დროს მარტო იყო და შველას ითხოვდა. სწორედ მეზობლებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რასაც შსს-ს წარმომადგენლები მოყვნენ.

"არავინ არ იცოდა, თუ ფეხმძიმედ იყო. საერთოდ ამ გოგოს თირკმლები სტკიოდა ხოლმე, ეტყობა წამლებს სვამდა. თვითონაც არ ეცოდინებოდა, დარწმუნებული ვარ. ცუდად გახდა და 8 თვის ბავშვი მიცვალებული დაბადა სახლში, ვერ მოასწრეს საავადმყოფოში წასვლა. სახლში მარტო იყო. ცუდად და მძიმედ არის ძალიან," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ექიმის თქმით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

"ქალბატონი შემოვიდა დიაგნოზით მშობიარობის მესამე პერიოდით. ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა. ოპერაციული ჩარევა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფომ, როგორც მე ვიცი, აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს," - განაცხადა კასპის "მედალფას" კლინიკის ექიმმა ნინო ბოლქვაძემ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

დღის ამბები