25 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
რა შემთხვევაში მოუწევთ აბიტურიენტებს PCR ტესტის ჩატარება - საგამოცდო ცენტრები ეროვნული გამოცდებისთვის მზად არის

თბილისის 177-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 24 საგამოცდო ცენტრიდან, სადაც ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება. სკოლის გარეთ, აბიტურიენტთა ნაკადისა და სოციალური დისტანციის დასარეგულირებლად უკვე მოწყობილია სპეციალური ჯებირები და ნიშნულები. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ საგამოცდო ცენტრები ხვალ, დილის რვა საათიდან, აბიტურიენტთა მისაღებად მზად იქნება.

აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში დამცავი ფარით აღჭურვილი სამუშაო მაგიდები დახვდებათ, რომელებიც ერთმანეთისგან ორი მეტრის დისტანციით იქნებიან დაშორებული. საგამოცდო ცენტრებში მოხვედრამდე აბიტურიენტები რეგისტრაციას პირბადით გაივლიან, თუმცა სამუშაო მაგიდასთან ყოფნის დროს, ბუნებრივი კონდიცირების პირობებში მათ პირბადის მოხსნის უფლება ექნებათ.

გამოცდაზე შესვლის მსურველი ყველა აბიტურიენტი თერმოსკრინინგსაც გაივლის. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება, ერთიან საგამოცდო სივრცეში მოსახვედრად მას PCR ტესტირების დასკვნა დასჭირდება, უარყოფითი პასუხით. დასკვნის არარსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელი ახალგაზრდის გამოცდაზე დაშვების საკითხი ექიმის მიერ გადაწყდება. PCR ტესტირების დასკვნა დასჭირდება აბიტურიენტს 37.5 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაშიც, რადგან მისი არქონისა და სხვა რესპირატორორული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში ის გამოცდიდან მოიხსნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მსგავსი შეზღუდვები უსაფრთხოების დაცვით მიზნით წესდება.

ეროვნული გამოცდების პარალელურად, სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადებიან საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სტუდენტებს განახლებული სივრცეები დახვდებათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები სტარტს ხვალ, 6 ივლისს აიღებს და 25 ივლისს დასრულდება. თითოეულ საგამოცდო ცენტრში ადაპტირებული სივრცეები იქნება მოწყობილი სპეციალური საჭიროების მქონე აბიტურიენტებისთვის. ცალკე ზონა გამოიყოფა მაღალი ტემპერატურისა და სხვადასხვა რესპირატორული სიმპტომების მქონე ახალგაზრდებისთვის. ერთ სივრცეში 10-ზე მეტი პირის განთავსება დაუშვებელია. ერთ საგამოცდო ცენტრში 2 დამკვირვებელი და 2 მედპერსონალი იქნება. გამოცდებისთვის რეგისტრაცია 39 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

ავტორი - მირიან გორგოძე

დღის ამბები