16 აპრილი 2024,   11:23
ვრცლად
ხანძარი მესტიაში - ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე ამ დროისთვის არ არსებობს

უკვე მესამე დღეა ვერ ხერხდება ხანძრის ჩაქრობა მესტიაში. სოფელ იდლიანის მიმდებარედ, კლდის ფერდობზე ცეცხლის ქრობის პროცესში უკვე ვერტმფრენიც ჩაერთო. სამუშაოების გართულებას ხელს უწყობს რთული რელიეფიც. ხანძრის კერები დასახლებული ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა და შესაბამისად, ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ცეცხლი რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ადგილობრივი მეხანძრე-მაშველები, რთული რელიეფის და მიუდგომელი ადგილების მიუხედავად, ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, თუმცა დღეს ადგილზე სამაშველო ვერტმფრენის ჩაყვანა გახდა საჭირო.

როგორც ცნობილია, უკვე თბილისიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კუთვნილი ვერტმფრენი ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ჩაერთო.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ამ დროისთვის ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს.

"სამაშველო ბრიგადებმა ვერ მოახერხეს რთული რელიეფის გამო ადგილზე მისვლა. მიღებული სიტუაციის შეფასების შედეგად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩართულიყო ხანძრის ლოკალიზებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

ცეცხლი ორი დღის წინ, გვიან ღამით, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

დღის ამბები