19 აპრილი 2024,   20:21
ვრცლად
"საგანგაშო ინციატივა და ორკესტრირებული შეტევა მედიაზე" - ოპოზიცია მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილების შესაძლო გაზრდაზე

მარეგულირებელ კომისიის უფლებამოსილების გაზრდას, ოპოზიციაში, წინასაარჩევნოდ მედიაზე კონტროლის მექანიზმად ასახელებენ. მარეგულირებელი კომისიის პრეს სამსახურმა კი განმარტა, რომ ეს კანონში დაგეგმილი ცვლილებები არ ეხება მედიას და მაუწყებლებს. 

ხელისუფლების ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონი საგანგაშო ინიციატივაა და თუკი ახლა ეს ცვლილებები მაუწყებლებს არ ეხებათ, შესაძლოა მომავალში მედიას გარკვეული რეგულაციები მაინც დაუწესდეს. 

"სხვადასხვა ტელევიზიისა და სპეციალისტების ინტერპრეტაციით, მათ შორის მაუწყებლებშიც არსებობს ამ ნორმის გამოყენების ხიფათი. ასეც რომ არ იყოს, ცალკე აღებული ეს ნორმაც რომ არ ეხებოდეს მაუწყებლებს მაინც უაღრესად პრობლემურია. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მონსტრს და გველეშაპს - მარეგულირებელ კომისიას ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფალი ბაზრის ტრანზაქციებში ჩაერიოს და შემდეგ "აახიოს" კომპანიები მათ კანონიერ მფლობელებს, კარგი, იყოს ასე, რადგან ამ კანონს ოქტომბრის შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავაუქმებთ," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ ეს არის ორკესტრირებული შეტევა მედიის შეზღუდვისთვის

"ვხედავთ ორკესტრირებულ, სხვადასხვა მხრიდან მომდინარე შეტევებს კანონპროექტებისა და ინციციატივების სახით, რომ საქართველოში როგორმე შეიზღუდოს მედია გარემო. ონლაინ მედიისთვის დაწესებული ცენზურა არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი, მათი ეს კონტრ-არგუმენტი არის მტკნარი სიცრუე, რადგან ეს კანონი იძლევა საშუალებას სხვა მედია საშუალებებზეც გავრცელდეს, სწორედ აქ არის მთავარი საფრთხე. სასამართლოც კი ვერ იქნება ეფექტური მექანიზმი განსაჯოს დაირღვა თუ არა დაწერილი კანონი,"- აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი. 

მარეგულირებელ კომისიის უფლებამოსილება იზრდება. შესაძლოა უწყებას უფლება მიეცეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში დროებითი მმართველი დანიშნონ.

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების ავტორი მთავრობა და მარეგულირებელი კომისიაა. უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ ინტერნეტ პროვაიდერებს.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საკანონდებლო პაკეტი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და წინა საარჩევნოდ მედიის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

დღის ამბები