24 აპრილი 2024,   21:14
ვრცლად
დარტყმა სიტყვის თავისუფლებაზე და დამანგრეველი სიგნალი ჩვენი პარტნიორებისთვის - გიგა ბოკერია მარეგულირებელ კომისიის უფლებამოსილების შესაძლო გაზრდაზე

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს, რომლის მიხედვითაც, მარეგულირებელ კომისიის უფლებამოსილება გაიზრდება. შესაძლოა უწყებას უფლება მიეცეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში დროებითი მმართველი დანიშნონ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკანონდებლო პაკეტი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და წინა საარჩევნოდ მედიის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

"კანონპროექტში ყველა ლიცენზირებული სუბიექტი წერია. ასეც რომ არ იყოს, ინტერნეტის კონტროლი ნაკლები პრობლემაა? უნდათ რომ დროის დაკარგვაც კი არ დასჭირდეთ ისე შეაშინონ კომპანიები, ასევე უნდათ უცბათ გააკოტრონ ან მოუსპონ შესაძლებლობა ეფექტური მოღვაწეობის. ეს არის კიდევ ერთი დარტყმა სიტყვის თავისუფლებაზე და დამანგრეველი სიგნალი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის," - აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია. 

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ამ ხელისუფლების ნდობა შეუძლებელია და მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა შესაძლოა, გამოიყენოს შესაძლებლობა იმისათვის, რომ მედია გაასხვისონ.

"კომუნიკაციების სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს ეს არ ეხება მედიას და მხოლოდ ტექნიკური საკითხია, არ იწვევს არანაირ სიმშვიდეს არავისში, რადგან ამ ხელისუფლების ნდობა შეუძლებელია და მათ ძალიან კარგად შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი "ტექნიკური პრობლემა", რომელიც დაკავშირებული იქნება თუნდაც ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელთან იმისათვის, რომ მედია გაასხვისონ და თავიანთი მმართველი შეიყვანონ," - აცხადებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. 

ზაალ უდუმაშვილი კი აღნიშნულ ფაქტს დიქტატურას უწოდებს და ამბობს, რომ ამ კანონპროექტის განხორციელბის შემთხვევაში მარეგულირებელ კომისიას განუსაზღვრელი უფლებები ენიჭება. 

"სხვა არაფერი არ ჰქვია ამას გარდა დიქტატურისა, რადგან მარეგულირებელ კომისიას ენიჭება განუსაზღვრელი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შეუძლიათ ნებისმიერ მედიაში შეიყვანონ დროებითი მმართველები ორი წლის ვადით. ასევე, განუსაზღვრელი უფლებები აქვთ თანამმართველებსაც, რადგანაც მათ შეუძლიათ ყველაფრის კეთება, მათ შორის მედია საშუალებების აქციის გაყიდვაც. სწორედ ამ მეთოდებით მოიპოვა თავის დროზე პუტინმა ყველა მედია საშუალებაზე, დღეს კი ზუსტად იმავე გზით მიდის ბიძინა ივანიშვილი," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.  

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების ავტორი მთავრობა და მარეგულირებელი კომისიაა. უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ ინტერნეტ პროვაიდერებს.

დღის ამბები