19 აპრილი 2024,   02:35
ვრცლად
ხვალიდან აუზებისა და ფიტნეს დარბაზების შემოწმება იწყება - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ობიექტები

ხვალიდან აუზებისა და ფიტნეს დარბაზების შემოწმება იწყება. თუ ობიექტები მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მათ ვიზიტორების მიღების უფლებას მისცემენ. კომპანიები, რომლებიც თვეებია დახურულია, რეკომენდაციების გათვალისწინებაზე მუშაობენ.

"რეგულაციებს რაც შეეხება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ვენტილაცია, რომელიც მთელ თბილისში, ჩვენს ყველა კლუბში ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველა ფიტნეს კლუბს მოეთხოვება, რომ ვენტილაციის სისტემა ჰქონდეს ისეთი, რომელიც მუდმივად ახდენს შიდა ჰაერის გარეთ გატანას და სუფთა ჰაერის შიგნით ცირკულაციას. 

მეორე ნაწილი, რაც შეეხება ტრენაჟორების გადალაგებას, აქაც ანალოგიურად სივრცე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სპორტული ინვენტარი დავაშოროთ ერთმანეთისაგან, ხოლო კარდიოზონაში, კარდიოტრენაჟორებთან გავაკეთოთ გამჭვირვალე, დამცავი ბარიერები, რომელიც სოციალური დისტანციის დაცვაში დაგვეხმარება,"- განმარტავს "ოქტოპუს ფიტნეს კლუბის” დამფუძნებელი გიორგი ასათიანი.

"შიდა სივრცეში, სტუმრები თავისთავად იქნებიან აღჭურვილი პირბადეებით. შემდეგ არის სადეზინფექციო წერტილები, ტერიტორიაზე, ჯამში, 63 ასეთი წერტილი გვაქვს. ჩვენი საშხაპეები არის გამოყოფილი სპეციალური ტიხრებით, გვაქვს 10 ღია და დახურული აუზი.

ყველა აუზთან გვაქვს ფეხის აბაზანა. წყლის ფილტრაციას რაც შეეხება, რეგულაციის თანახმად, წყალი უნდა იყოს 24 საათიან ფილტრაციაში, ჩვენთან წყალი გადის სამი სახის ფილტრაციას. პირველი ეტაპი არის ქვიშის ფილტრაცია, შემდეგ იონიზაცია და უკვე რეზერვუარებში შესული წყალი მარაგდება პიაშით და ქლორით,"- ამბობს "ჯინო ჯოლდინგის" აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან ჯიქია.

"ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე უნდა ხდებოდეს ერთი ადამიანის დაშვება. ფიტნესის მიმართულებით უნდა ხდებოდეს ორ საათიანი ინტერვალებით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, ასევე, სპორტული ინვენტარის დამუშავება. კარადები უნდა იყოს ერთის გამოტოვებით დალუქული. საშხაპეებში უნდა იყოს მოწყობილი დროებითი დამცავი ტიხრები და თუ ეს ვერ ხერხდება, ამ შემთხვევაში უნდა დაილუქოს.

რაც შეეხება აუზებს, აქ არის უპირატესი შესაბამისი ლაბორატორიული კვლები და ქიმიური ხსნარებით დამუშავება. იმისთვის, რომ მაქსიმალური პრევენცია განხორციელდეს, პირსახოცები ერთჯერადი შეფუთვით უნდა იყოს, შეზლონგები შესაბამისი დისტანციით უნდა იყოს განლაგებული და ყოველი გამოყენების შემდეგ, უნდა დამუშავდეს,"-აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.

დღის ამბები