24 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
ქალის მკვლელობა სურამში - დაკავებულ ქმარს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

სურამში, მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ ილია ქურდაძეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს - თ.რ-ს  ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა. 

ბრალდების მხარემ ი.ქ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.  ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები