23 აპრილი 2024,   10:18
ვრცლად
სექსუალური ძალადობის ფაქტი პანსიონატში - მსხვერპლიც და მოძალადეც სპეციალური საჭიროების მქონე მამაკაცები არიან

ამბავს, რომელიც მარტყოფის პანსიონატის კედლებს მიღმა მოხდა, დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ჰყავს. 35 წლამდე მამაკაცმა, რომელსაც მეტყველება უჭირს, სექსუალურ ძალადობაში, მარტყოფის პანსიონატის ერთ-ერთი ბენეფიციარი ამხილა.

ექთანს, რომელიც დილით გეგმიურ შემოწმებაზე იყო, ძალადობის სავარაუდო მსხვერპლმა მიანიშნა, როგორ აიძულებდა მისივე ასაკის მამაკაცი, რომ მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა.

დაზარალებულმა მოყვა, თუ როგორ შეიყვანეს ის მოტყუებით დერეფნიდან ერთ-ერთ ოთახში, სადაც შემდეგ დანაშაული მოხდა. შეშინებულმა კი დახმარება მხოლოდ მაშინ ითხოვა, როცა საკუთარ ადგილზე დაბრუნდა.

პანსიონატის თანამშრომელმა საქმის კურსში ჩააყენა ხელმძღვანელობა, რომლის გადაწყვეტილებითაც ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. ოთახში, რომელზეც ბენეფიციარი მიუთითებს, რომ მასზე იქ იძალადეს, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებებიც. სექსუალური შევიწროებისა და სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზაც - იმ დაზიანებების შესასწავლად, რომელიც მსხვერპლმა მიიღო.

სწორედ ექსპერტიზის პასუხზე არის დამოკიდებული, გამოიკვეთება თუ არა პანსიონატის თანამშრომელთა დანაშაული. მათი მხრიდან სავარაუდო გადაცდომისა და გულგრილობის ფაქტს მონიტორინგს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო უწევს. მათ უკვე გამოკითხეს ექთნები და დაცვის ის თანამშრომლები, რომლებიც მომხდარის დღეს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლები იყვნენ.

როგორც ირკვევა, ბენეფიციარის ვერსიის თანახმად ეს ინციდენტი გამთენიისას მოხდა. იმ დროს, როცა დაწესებულებაში მყოფ პირთა უმრავლესობას ეძინა. პანსიონატის დირექტორი ამბობს, რომ ბენეფიციარებზე 24 საათიანი მეთვალყურეობა ხორციელდება. ამიტომ ფაქტის ოფიციალურად დადასტურებამდე უჭირს საუბარი, ვინ და როდის დაუშვა შეცდომა.

სავარაუდო მსხვერპლიც და მოძალადეც ამ შენობაში ერთად, მაგრამ ისევ ცალ-ცალკე ოთახებში ცხოვრობენ. იმ შემთხვევაში თუ დანაშაული დამტკიცდა, სავარაუდოდ, ძალადობაში მხილებული პირი მკურნალობას და სასჯელის მოხდას ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში გააგრძელებს.

დღის ამბები