25 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
მალავს თუ არა გურამ ამირხანაშვილი კიდევ ერთ გარემოებას - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი  მოწმეთა დაშინებას არ გამორიცხავს 

კიდევ ერთი ახალი გარემოება, რომელიც გურამ ამირხანაშვილის მისამართით პასუხგაუცემელ კითხვებს ზრდის. საქმის ოქროს მოწმეს და გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, მეგობარს არსად არაფერი უთქვამს იმ სავარაუდო შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც მასსა და ამ დროისთვის დაუდგენელ პირს შორის დიდუბეში შედგა.

კადრები მას შემდეგ არის გადაღებული, როცა, გამოძიების ვერსიით, თავისუფლებააღკვეთილი ამირხანაშვილი თბილისში ჩაიყვანეს.

ვიდეო 19 ივნისით თარიღდება. კადრები, სადაც მამაკაცი, სავარაუდოდ, მიდის ამირხანაშვილთან ახლოს და ესაუბრება, ღამის 2-ის 19 წუთზეა გადაღებული.

ამ დრომდე ეს ადამიანი საქმეში არ ფიგურირებს და შესაბამისად, არსებული ცნობით, არც გამოკითხული არ არის. ადვოკატები მოწმეთა დაშინებისა და ფაქტების „დალაგებას“ არ გამორიცხავენ.

"ეს ადამიანი წარმოდგენა არა აქვს არავის, ვინ არის. არც საქმეში არ ფიგურირებს, არც დაკითხვის ოქმი არსად არ ფიგურირებს. იმედია, იდენტიფიცირებას მოახდენენ მალევე სამართალდამცველი ორგანოები. ეს ადამიანი მალავს რაღაცებს. ესეც, ფოტოგრაფიც და ახვლედიანიც. დაგეთანხმებით იმაში, რომ შესაძლებელია იქ ვინმე დაშინებული იყოს, მე ამას არ გამოვრიცხავ. განზრახ მკვლელობისკენ არ იხრება ჩემი აზრი, თუმცა ყველა გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ეს მუხლი დადგეს საბოლოოდ. მაგრამ, უფრო მეტად მე ვიხრები იმისკენ, რომ შესაძლებელია ეს ახალგაზრდა კაცი ფაქტიურად შემოაკვდათ და უკვე იმის შემდეგ დაიწყო ის, რაც დაიწყო. საქმის დალაგება აშკარაა,“ - განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.

გავრცელებულ ახალ ვიდეომასალასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ. ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ეს ფაქტი გამოსაკვლევია და მიმდინარეობს მისი შემოწმება.

"ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამოწმებს ამ ფაქტს,“ - აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

 

 

 

 

დღის ამბები