20 აპრილი 2024,   13:42
ვრცლად
„მე ვარ ივანიშვილის პირველი ოფიციალური მეუღლე,” - ინგა პავლოვა

მორიგი სკანდალი ბიძინა ივანიშვილის გარშემო. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან რუსეთის მოქალაქე ინგა პავლოვა კომპენსაციას ითხოვს. პავლოვა სოციალურ ქსელ youtube-ში ვიდეოჩანაწერს ავრცელებს და აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პირველი ოფიციალური ცოლია.

"ჩვენ დავქორწინდით პარიზში 1991 წელს და დავშორდით 1994 წელს. განქორწინებიდან დიდი ხნის განმავლობაში მე არაფერი მსმენია ყოფილ ქმარზე, მაგრამ ერთხელაც 2011 წელს ტელევიზორში დავინახე, როდესაც თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ განაცხადა. ეს ჩემთვის და ყველასთვის სენსაცია იყო, რადგან ის ძალიან იშვიათად აძლევდა კომენტარებს. 2012 წელს Youtube-ზე ვნახე მისი საარჩევნო რგოლი, სადაც მისი სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ცოლი, ან შეიძლება ოფიციალური ცოლი ეკა ხვედელიძე ყვება, როგორ გაიცნო ჩემი ყოფილი მეუღლე და როგორც დაქორწინდნენ 1991 წლის 18 ოქტომბერს საქართველოში. ეს უცნაურად მომეჩვენა, რადგან 1991 წლის 25 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილი ჩემზე დაქორწინდა პარიზში. გამოდის, 1991 წელს ბიძინა ივანიშვილი ერთდროულად ორ ქალზე დაქორწინდა – პარიზში და საქართველოში, ან კიდევ ეკა ხვედელიძე არ არის გათხოვილი. თუ ბიძინა ივანიშვილი მართლა დაქორწინდა ორ ქალზე, ის ორცოლიანი გამოდის," - აცხადებს ინგა პავლოვა.

პავლოვას თქმით, ბიძინა ივანიშვილი მას ასევე უსამართლოდ დაშორდა, ვინაიდან ვიღაცამ მის მაგივრად განქორწინების თაობაზე დოკუმენტებს ხელი მოაწერა, რომლის თანახმადაც პავლოვას გადაუხდიდნენ იმდენს, რაც ფრანგული კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული განქორწინების შემთხვევაში. პავლოვას მტკიცებით, ვინაიდან ეს დიდი ხნის წინ იყო, მან დაკარგა კანონის თანახმად სიტუაციაში გარკვევის უფლება, რადგან ფრანგული კანონმდებლობით მას გასაჩივრების ყველა ვადა ამოეწურა.

"როგორც ჩანს, მე თავად ვარ დამნაშავე ამაში, ვინაიდან თვალი არ მივადევნე, როგორ გააკეთა ბიძინამ განქორწინება," - აღნიშნა პავლოვამ.

ის ექსპრემიერის პოლიტიკურ საქმიანობაზეც ლაპარაკობს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიული გზით მიჰყავდა ქვეყანა და მას გამოგონილი ბრალდებები წაუყენა; ასევე ციხეში ჩასვა ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი და აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილს, რომელიც, მისი თქმით, ისტორიას არ ახსოვს.

"ხედავთ, რა გენიალური ყოფილი ქმარი მყავს! რუსეთში გაურკვეველი, რაღაც ფანტასტიკური მეთოდებით მოახერხა 5 მილიარდზე მეტის შოვნა; გამშორდა მე ისე, რომ არაფერი გადამიხადა; მოვიდა ხელისუფლებაში საქართველოში და აკონტროლებს ხელისუფლებას თავისი სახლიდან. ყველას ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელგაშლილია, მაგრამ მას ყველა მონეტა დათვლილი აქვს. როგორც ნამდვილმა ბიზნესმენმა, მან ჩადო ფული საქართველოში, რადგან მერე სარგებელი მიეღო. ჩემი განსასჯელი არ არის, როგორ გააკეთა ეს. მე ჩემი პირადი პრეტენზიები მაქვს მასთან.

დღის ამბები