20 აპრილი 2024,   11:41
ვრცლად
სიტყვიერი შელაპარაკება და დაჭრილი მამაკაცი - სამართალდამცველებს დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

50 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს დღეს დილით თბილისში მოსკოვის გამზირზე. თავდასხმა ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მოტივზე ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრო არ საუბრობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი სიტყვიერი შელაპარაკება გახდა.

დაჭრილი სასტუმროს თანამშრომელია. წინასწარი ინფორმაციით, მას შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთ კლიენტთან, რომელიც გუშინ გვიან საღამოს შევიდა სასტუმროში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაპირისპირება თავდაპირველად სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე დაიწყო და შენობის გარეთ გაგრძელდა. დაჭრილს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში  სასტუმროს თანამშრომლებმა გადაიყვანეს, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო სამსახური არ ყოფილა გამოძახებული.

ინციდენტს უარყოფს სასტუმროს მფლობელი  ნინო დვალიშვილი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან ერთად უკვე დაკითხეს.

ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.  

დღის ამბები