19 აპრილი 2024,   03:38
ვრცლად
საკონსტიტუციო კომისია ოპოზიციური პარტიების გარეშე რჩება

ოპოზიცურმა პარტიებმა მმართველ გუნდს ოპონენტების აზრის გაუთვალისწინებლობის გამო ბოიკოტი გამოუცხადეს. დღეს ევროპული საქართველო, თავისუფალი დემოკრატები და ლეიბორისტებიც იმ პოლიტიკურ ჯგუფებს შეუერთდნენ, ვინც უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ხელმოწერაზე უარი თქვა.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით მმართველი ძალა საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ 5 პროცენტიან ბარიერს ტოვებს, პრეზიდენტს კი ხალხის ნაცვლად 300 ხმოსანი აირჩევს.

ყველა ეს ცვლილება კომისიის ოპოზიციონერი წევრების აზრით, ქვეყნისთვის საზიანოა და ერთადერთ მიზანს, ქართული ოცნების ხელში ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება. 

ოპოზიციის პროტესტს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ბარიერის შემცირება, კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრების შეტანა, პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა და მინისტრთა კაბინეტის ხელახლა არჩევისას, მათთვის ნდობის გამოცხადებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობის ამოღება იწვევს.

უმრავლესობა ცვლილებებს შეთანხმებულს უწოდებს და ოპოზიციის პროტესტი მათთვის არასერიოზულია. მესამე სექტორი ალტერნატიული ვერსიის შეთავაზებას კომისიისთვის კენჭისყრამდე გეგმავს.

ცვლილებებით უქმდება უშიშროების საბჭო, პრეზიდენტს კი საომარი მოქმედებების გამოცხადების და სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილებაც ეზღუდება. 

დღის ამბები