24 აგვისტო 2017,   03:22
ვრცლად
მერობის კანდიდატები - მმართველ გუნდსა და ოპოზიცაში კონსულტაციები დაწყებულია

თვითმმართველობის არჩევნები - თბილისის მერობის კანდიდატები სავარაუდოდ მაისში დასახელდება. 12 თვითმმართველ ქალაქში მერისა და საკრებულოს არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. ზუსტი თარიღი კი, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს.

მერის პოსტზე მეორე ვადით კენჭისყრის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას დავით ნარმანია ქართული ოცნების ლიდერებისგან ელოდება. ის ფიქრობს, რომ ამ თანამდებობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ქართული ოცნების ლიდერები დავით ნარმანიას მეორე ვადით კენჭისყრას ეწინააღმდეგებიან და კანდიდატად კახი კალაძის დასახელება სურთ.

უახლოეს მომავალში ოფიციალურად დაასახელებს კანდიდატურას ნაციონალური მოძრაობაც. ნიკა მელია ადასტურებს, რომ პარტია არჩევნებში უკვე მეორედ, სწორედ მას წარადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული აქვს ევროპულ საქართველოს და პარტიის სახელით მერობისთვის სავარაუდოდ, ელენე ხოშტარია იბრძოლებს. პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას კი, 27 მაისს დაგეგმილ ყრილობაზე გამოაცხადებს.

თავისუფალმა დემოკრატებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყეს. პარტიის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა არჩევნებში მონაწილეობა კოალიციური ფორმით მიიღონ და მხარი ალეკო ელისაშვილს დაუჭირონ. თუმცა, ჯერ უცნობია, ჩაერთვება თუ არა წინასაარჩევნო მარათონში ალეკო ელისაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები