28 მაისი 2017,   01:29
ვრცლად
მედიაში სასკოლო სახელმძღვანელოების ბიზნესით ქუმსიშვილის ოჯახის წევრების დაინტერესებაზე საუბრობენ

განათლებისა სამინისტროსა და საგამომცემლო სახლებს შორის გრიფირების წესთან დაკავშირებული უთანხმოება შესაძლოა სკანდალის მიზეზი გახდეს. შესაძლო გარიგებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ნეტგაზეთმა გაავრცელა. ინტერნეტ გამოცემის ინფორმაციით, სასკოლო სახელმძღვანელოების ბიზნესით ფინანსთა მინისტრი და მისი ოჯახის წევრები არიან დაინტერესებულები.

ნეტგაზეთი წერს, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ძმას ეკუთვნის სტამბა, რომელსაც რამდენიმე წელია განათლების სამინისტრო უფასო სახელმძღვანელოებს აბეჭდინებს. ამავე ინფორმაციით, ვიცე პრემიერის ცოლის ბიძაშვილს ეკუთვნის გამომცემლობა პალიტრა ელი, რომელიც გრიფირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

პალიტრა ელ-ში ადასტურებენ, რომ გამომცემლობის მფლობელი ვიცე პრემიერის ნათესავია, თუმცა მთავრობის მხრიდან ლობირებას გამორიცხავენ. მთავრობის მხრიდან პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას გამორიცხავენ სტამბა ფავორიტ პრინტშიც.

ამ შესაძლო კორუფციული სქემის შესახებ განათლების სფეროს სპეციალისტებს ინფორმაცია არ აქვთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში გრიფირების არსებული სისტემის გამო პრობლემა 20-მდე გამომცემლობას და სტამბას შეექმნა.

ლობირებს თუ არა განათლების სამინისტრო ვიცე პრემიერისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესებს, განათლების სამინისტროში ამაზე არ საუბრობენ. ერთადერთი, რაც დღეს მინისტრის მოადგილემ დაანონსა, გრიფირების ახალი რეგულაციებია. 

დღის ამბები