16 დეკემბერი 2017,   22:57
ვრცლად
ეს არის ვირეშმაკობა – გიგა ბოკერია საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს. მისი თქმით, მმართველი გუნდი ამომრჩეველს აღნიშნული ცვლილებით პრეზიდენტის არჩევის უფლებას ართმევს.  

“ჩვენ გავაგრძელებთ ლეგიტიმური უფლების გამოყენებას. საზოგადოების მობილიზებას, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ლეგიტიმურ ინსტრუმენტებს, ვენეციის კომისიას. ჩვენ ყველას გვართმევენ საშუალებას, რომ ავირჩიოთ პრეზიდენტი. ავირჩიოთ მთავარსარდალი რომელიც კრიტიკულ სიტუაციაში, საომარ მდგომარეობაში, რომელიც იმედია არ დადგება, მაგრამ ასე გათვლილი ვერ იქნება ქვეყნის მართვა და კონსტიტუცია. უნდა იყოს მთავარი პირი ვისი პასუხისმგებლობაც უნდა იყოს ეს ყველაფერი. ამას ჩვენ გვართმევენ და სურთ, რომ ისევ ივანიშვილის მიერ მართულმა პარლამენტმა აირჩიოს ის," - აღნიშნა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს წევრი ასევე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საუბრობს.

“ამ სისტემით ავტომატურად 20 პროცენტის ბონუსი აქვთ, ფორა 30 ადგილი. შეიძლება წააგონ არჩევნები 25 ადგილით პარლამენტში და ამ სისტემით უბრალოდ მოიგებენ იმიტომ, რომ ასეთი ფოკუსი ვირეშმაკობა მოიფიქრეს. 30-ით 0 ფორით უნდათ არჩევნების დაწყება “ - განაცხადა ბოკერიამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ასევე საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლებას სურს გაურთულოს სხვა პარტიებს კოალიციის შექმნა.  

“უნდათ, რომ გაურთულონ სხვებს კოალიციის შექმნა იმისთვის, რომ მეტი ადგილი დაიკარგოს, რომ გარანტირებულად თუ კი პირველ ადგილზე გავლენ, ჰქონდეთ ფორა და დარჩნენ ხელისუფლებაში და ზოგადად, ოპოზიცურ ძალებს გაურთულონ ცხოვრება. ეს მარტივი ამოცანა აქვთ," - აღნიშნა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია მთავრობას ინიციატივით მიმართავს, რომ პლებისციტი ჩაატაროს პრეზიდენტის არჩევის წესსა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

 

 

დღის ამბები