28 ივნისი 2017,   12:54
ვრცლად
"ხალხი გაქრა, საკუთარივე სახელმწიფოს მეთაურის არჩევის უფლება აქვს ჩამორთმეული,“ - ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ კონსტიტუცია, რომელიც ცოტა ხანში ექნება საქართველოს, „არის ყველაზე ცუდი კონსტიტუცია, რომელსაც კი ამ ქვეყანაში უარსებია.“

ნიკა მელია ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემას ასახელებს. მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ რატომ გაქრა ჩანაწერი კონსტიტუციიდან, რომ ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია. ასევე, მისი თქმით, საინტერესოა, რატომ ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიებს ბლოკით გამოსვლა არჩევნებზე.

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის თქმით, პრეზიდენტის არჩევითობის წესის გაუქმება, ნიშნავს ხალხისთვის უფლებისა და ნების წართმევას.

„ამ ცვლილებების მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო შემადგენლობაში იქნება მხოლოდ და მხოლოდ ორი პარტია, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა,“ - ამბობს ნიკა მელია.

დეპუტატი ასევე მოსახლეობისთვის ჩამორთემულ უფლებებზე საუბრობს. 

„ამ ჩანაწერებიდან, შესწორებებიდან გაქრა მთავარი რამ, ხალხი. გაირიყა ხალხი პოლიტიკური პროცესიდან. საკუთარივე სახელმწიფოს მეთაურის არჩევის უფლება აქვს ჩამორთმეული,“ - აცხადებს მელია.

საუბარში დავით მათიკაშვილი ჩაერთო, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არის კონსტიტუციის მხოლოდ პროექტი, რომელმაც უნდა გაიაროს საყოველთაო განხილვა. მათიკაშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნების წესი განმარტა, რომელიც პროექტშია გაწერილი.

გადაცემაში ნიკა მელიასა და უმრავლესობის წარმომადგენელს დავით მათიკაშვილს შორის კამათი მოხდა. მათიკაშვილმა ნიკა მელიას წარსული გაახსენა. ნიკა მელიამ კი მათიკაშვილს მიმართა და განუცხადა, რომ პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის სურვილების შესრულებისთვის იმყოფება.

 

დღის ამბები