ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტმა გუშინდელ თავდასხმასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები დაიბარა. გამოძიება მთავარ ვერსიად ტერაქტს განიხილავს. უკვე ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა, რომელმაც ხალხმრავალ ელისეს მინდვრებზე პოლიციელებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მისი პირადობის დამადასტურებელი საბუთები სამართალდამცველებმა მისსავე მანქანაში იპოვეს.
სროლის ხმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე საღამოს 9 საათზე გაისმა. თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და სამართალდამცველებს გამიზნულად ესროლა. ერთი ადგილზე დაიღუპა. ორი პოლიციელი კი დაჭრა, მოგვიანებით ის სპეცრაზმელებმა საპასუხო სროლის შედეგად მოკლეს. ქუჩაზე მყოფი ხალხი პანიკამ მოიცვა. ისინი სამართალდამცველებმა გაიყვანეს და ქუჩაც გადაკეტეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა კი რამდენიმე საათში დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე ქალაქში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.
იმ რაიონში, სადაც თავდამსხმელი ცხოვრობდა, პოლიციამ რეიდები ჩაატარა. იძებნება ერთი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ, ტერორისტის თანამზრახველი იყო.