პლებისციტის ნაცვლად რეფერენდუმი - არასაპარლამენტო ოპოზიცია ევროპული საქართველოს იმ ინიციატივას პასუხობს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო დამტკიცებამდე, პრეზიდენტის არჩევის წესსა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს.
15 პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ამბობენ, რომ რეფერენდუმი შედეგის მომცემი იქნება.
განცხადებას განცხადებისთვის უწოდებს ევროპული საქართველოს მოთხოვნას, ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი. მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ პლებისციტის ინიციატივას რეზულტატი არ აქვს.
„ეს ილუზია აქვს ევროპულ საქართველოს, რომ გიორგი კვირიკაშვილი პლებისციტს დაუნიშნავს პრეზიდენტის არჩევის წესზე ან საარჩევნო სისტემაზე? განცხადება თუ განცხადებისთვის კეთდება, ესეც მესმის, მაგრამ რეზულტატის მიღწევისთვის, მე მგონი პლებისციტზე არ უნდა იყოს საუბარი,“ - ამბობს კაციტაძე.
ევროპულ საქართველოს წარსულს ახსენებს და არსებული საარჩევნო სისტემის შექმნაში ადანაშაულებს დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წევრი გიორგი ახვლედიანი.
„ევროპული საქართველო არის ბოკერიას ნაციონალური მოძრაობა. ამიტომ, ძალიან სასაცილოა. მთელი ეს უბედურება, რაც გვჭირს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მათი მოგონილია, მათი დამკვიდრებულია და კბილებით იცავდნენ, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ,“ - აცხადებს გიორგი ახვლედიანი.
პლებისციტის ჩატარებას არ ემხრობიან არც ლეიბორისტულ პარტიაში.
„არანაირი გამოკითხვა არ სჭირდება იმას, რომ ხალხს არ უნდა წაართვა მისი უზენაესი უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი ქვეყნის პირველი პირი პრეზიდენტი. მეორე არ შეიძლება პლებისციტი ჩაატარებინო კომისიის იმ შემადგენლობას, რომლებიც არიან არჩევნების გაყალბების დიდოსტატები და პირნათლად ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, უტოპიური და უპერსპექტივოა ამ გზით სვლა,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.