რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შენობაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმა ქალაქ ხაბაროვსკის სამმართველოში მოხდა. დაუდგენელი მამაკაცი მიმღებში შევიდა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა.
სროლის შედეგად დაიღუპა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი და ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც დსთ-ს წევრი ქვეყნის მოქალაქეა. კიდევ ერთი ადამიანი ცეცხლსასროლი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდამსხმელი სამართალდამცველებმა საპასუხო სროლის შედეგად მოკლეს. მისი ვინაობა ძალოვანებისთვის უკვე ცნობილია.
გამოძიების ინფრომაციით, ის ხაბაროვსკის მცხოვრები ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელიც ნეონაცისტური მოძრაობის წევრი იყო. მედიის ცნობით, თავდამსხმელმა ცოტა ხნის წინ ისლამი მიიღო.