24 აპრილი 2024,   17:13
ვრცლად
პედრო აგრამუნტის ვიზიტი სირიაში - უხერხული სიტუაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და აგრამუნტის გადადგომის მოთხოვნა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს დღეს ყველა პოლიტიკური ჯგუფი აკრიტიკებდა. მიზეზი პედრო აგრამუნტის სირიაში ვიზიტი იყო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან სირიაში ვიზიტზე ისაუბრა. აგრამუნტმა განაცხადა, რომ მისი სირიაში ვიზიტის გამო, დეპუტატების შეშფოთებას აცნობიერებს.

„ეს ვიზიტი იყო შეცდომაა და მე ვაცნობიერებ ამას. მინდა ბოდიში მოვუხადო ასამბლეის წევრებს ამ შეცდომის გამო. რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა და პარლამენტარებმა ეს ვიზიტი გამოიყენეს მანიპულაციისთვის. მე განვმარტე, რომ სირიაში წარმოვადგენდი ესპანეთის სენატს და არა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და რა თქმა უნდა, ეს არ იყო ასადის რეჟიმის მხარდაჭერა,“ - განაცხადა პედრო აგრამუნტმა.

პედრო აგრამუნტმა დეპუტატების წინაშე, ფაქტობრივად მოიბოდიშა, თუმცა მიუხედავად ამისა, საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა განაცხადეს, რომ თავმჯდომარის ვიზიტი სირიაში აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმიჯს. ისინი ითხოვდნენ, რომ პედრო აგრამუნტი გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

პედრო აგრამუნტს უხერხული სიტუაციის გამო, სხდომის დატოვებაც კი მოუწია.

„ეს იყო სეროზული პოლიტიკური შეცდომა და ვფიქრობთ ამაზე მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს,“ - აცხადებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი.

პედრო აგრამუნტს მიმართა კიდევ ერთმა დეპუტატმა.

„როგორ აგრძელებთ დღეს ამ ასამბლეის თავმჯდომარეობას? უნდა ადგეთ და ვიცე-პრეზიდენტს დაუთმოთ ადგილი,“ - აცხადებს საპარლამენტო ასამბლეის წევრი.

ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ხვალ, საჯარო მოსმენაზე მოუწევს.

დღის ამბები