25 აპრილი 2024,   21:23
ვრცლად
ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების მარტივად მიღებას ცდილობს, ცუდად ამთავრებს - ექსპერტები საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებენ

ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ შეხვედრას, სადაც ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, ხელისუფლებისგან საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებას ითხოვენ.

მათი ნაწილი  მმართველ ძალას კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებენ.

“დღეს ხელისუფლება გვეუბნება ჩვენ, დამოუკიდებლად იმისა, რას ვფიქრობთ კრიტიკოსები, ის მაინც გაიტანს კონსტიტუციის ამ პროექტს. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. აქედან გამომდინარე, კანონიერ ფარგლებში ბუნებრივია, მე ვიტყვი, მეც და ბევრიც, ჩვენს სათქმელს, კრიტიკულ მოსაზრებებს გამოვთქვამთ და მოვთხოვთ ხელისუფლებას მიიღოს მეტ-ნაკლებად სრულყოფილი დოკუმენტი,“ - განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

კონსულტაციების აუცილებლობაზე საუბრობენ ანალიტიკოსებიც. ისინი იმედოვნებენ, რომ პროექტის ძალაში შესვლამდე ხელისუფლება გადაწყვეტილებას შეიცვლის. გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლების მარტივად მიღებას ცდილობს, საბოლოო ჯამში „ცუდად ამთავრებს“.  

„ჯერ კანონი ძალაში არ არის შესული და იქნებ კიდევ გონს მოეგონ. მე რა თქმა უნდა ჩავერთვები, საჯაროდაც და სხვანაირადაც მზად ვარ რომ ეს საქმე ვაკეთო. ამით ჩვენ დავიცავთ პირველ რიგში ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება მარტივად მიიღოს, ასეთი ხელისუფლებები ძალიან ცუდად ამთავრებენ,“-აცხადებს გია ხუხაშვილი.  

დღის ამბები