17 აპრილი 2024,   03:51
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა და "ევროპული საქართველო" ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდებიან

საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს ცალცალკე გააცნობენ დღეს ვენეციის კომისიას ევროპული საქართველოსა და ქართული ოცნების წევრები.

საპარლამენტო უმრავლესობა ევროპელი ექსპერტებისგან, მთლიანობაში კრიტიკულ შენიშვნებს არ ელოდება, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს გამოთქმული მოსაზრებები გაითვალისწინოს.

„მზაობას გამოვთქვამთ იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის ნეგატიური დასკვნის ან ნეგატიური შეფასების მქონე ნორმები არ ჩავდოთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში,“ - განაცხადა ვიცე პიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

ოფიციალურად დოკუმენტს რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისია, საკონსტიტუციო ცვლილებების დარეგისტრირებისა და პროექტის თარგმნის შემდეგ, რამდენიმე დღეში მიიღებს.

ოპოზიციის წევრები ვენეციის კომისიას წარუდგენენ საკუთარ არგუმენტებს, ცვლილებათა არადემოკრატიულობის შესახებ. 

„არ შეიძლება, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ჯგუფს ჰქონდეს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე, მხოლოდ ის იყოს მართალი და ცდებოდეს ყველა დანარჩენი. იქნება კონკრეტული თემებიც, როგორიც არის მაგალითად, გადაუნაწილებელი ხმების მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიასთან მოხვედრა. ჩვენი პარტიაც რომ გავიდეს პირველ ადგილზე, მაინც გაუმართლებელი და საზიანო იქნება ამ გაუნაწილებელი ხმების პირველ ადგილზე გასულ ნებისმიერ პარტიასთან მოხვედრა,“ - აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი.

დღის ამბები