25 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
ოპოზიციური პარტიები კანონპროექტებზე მსჯელობისთვისაც არ არიან მომწიფებული - ირაკლი კობახიძე

ოპოზიციური პარტიები კანონპროექტებზე მსჯელობისთვისაც არ არიან მომწიფებული - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით 14 ოპოზიციური პარტიის მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებები.

განცხადება ამ თემაზე ირაკლი კობახიძემ დღის ბოლოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

„ეს ყველაფერი მეტყველებს, რამდენად არის მომწიფებული კონკრეტული ესა თუ ის პარტია თუნდაც იმისთვის, რომ კანონპროექტებთან დაკავშირებით იმსჯელონ. მძიმე მდგომარეობა გვაქვს ძალიან,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცვლილებების ინიციატორ ოპოზიციას აკრიტიკებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძეც. მდინარაძე ამბობს, რომ არარსებულ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა, სირცხვილია.

„ჩვენ გვყავს პარტიები, რომლებიც ითხოვენ არარსებულ კანონებში ცვლილებების შეტანას. ნამდვილად სირცხვილია, როდესაც პოლიტიკოსები, პარტიები გამოდიან და საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებენ, ბოიკოტს უკეთებენ. მათ არ იციან, რომ სამი წელია უკვე ძალადაკარგულია კონკრეტული კოდექსი და განსაკუთრებით მაშინ არის სირცხვილი, როდესაც ამ კოდექსში ითხოვენ ცვლილებების შეტანას,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ოპოზიციამ საარჩევნო კოდექსთან ერთად, ცვლილების განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში მოითხოვა, რომელიც დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის სახით არსებობს და ასევე პარლამენტს თბილისის შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატივით მიმართა, რომელიც ამჟამად აღარ არსებობს და 2014 წლიდან ძალადაკარგულია.

დღის ამბები